საბერძნეთის განვითარების მინისტრის, ტაკის თეოდორიკაკოსის განცხადებით, მომავალი კვირიდან ამოქმედდება ახალი ციფრული ინსტრუმენტი, აპლიკაცია სახელწოდებით „PosoKanei“-ს („რა ღირს?“), რაც ფასების გამჭვირვალობის გაზრდას შეუწყობს ხელს. მინისტრის თქმით, ბერძნული საზოგადოების დიდი ნაწილი სერიოზული პრობლემების წინაშე და თვიდან თვემდე ძლივს ახერხებს თავის გატანას. თეოდორიკაკოსმა აღნიშნა, რომ ათწლიანი კრიზისის შემდეგ, რომლის დროსაც ხელფასები შემცირდა, ქვეყანა საერთაშორისო მასშტაბის მოვლენებით გამოწვეული ფასების ზრდის ახალ ტალღას შეეჯახა. „ყველაზე მნიშვნელოვანია უფრო პროდუქტიული ეკონომიკის აშენება, რათა ხელფასები გაიზარდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემა ვერ მოგვარდება“, – ხაზი გაუსვა მან.
„მოგების მარჟაზე ზედა ზღვრის დაწესება მკაცრი და ხისტი ზომაა. ეს არ ნიშნავს, რომ ეს ნორმა ერთხელ და სამუდამოდ იარსებეს – იგი შემოღებულია იმისათვის, რომ ოჯახებისთვის ამ რთულ პერიოდში სპეკულაციურ ფასნამატებს შეებრძოლოს“, – განაცხადა საბერძნეთის განვითარების მინისტრმა ტელეარხ ANT1-ის ეთერში საუბრისას.
მისი განმარტებით, „ჭარბი მოგების მარჟის უზრუნველსაყოფად, ზოგიერთები სარგებლობენ მაღალი ინფლაციური ზეწოლით, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომით არის გამოწვეული“. თეოდორიკაკოსმა ასევე თქვა, რომ ასეთი ზომა (მოგების მარჟაზე ზედა ზღვრის დაწესება – რედ.) თავისუფალი ეკონომიკის შესახებ მთავრობის იდეოლოგიას ეწინააღმდეგება დასძინა: „ჩვენ არ გვინდა, რომ ეს ნორმა მუდმივად არსებობდეს, რადგან საჭიროა, ნორმალური, ჯანსაღი კონკურენცია არსებობდეს და ბაზარმა გამართულად იმუშაოს“.
მან ბაზრის ზედამხედველობისა და მომხმარებელთა დაცვის დამოუკიდებელი ორგანოს შექმნაზეც ისაუბრა და მას უწოდა „მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც დროს გაუძლებს“. ამ კონტექსტში თეოდორიკაკოსმა ახსენა 3 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა, რომელიც დიდ მულტინაციონალურ კომპანიას 48 პროდუქტის კოდზე საერთო მოგების მარჟის ზედა ზღვრის დარღვევის გამო დაეკისრა და დასძინა, რომ დაკისრებული ჯარიმები უკვე გადახდილია.
„ბაზრისთვის გზავნილი ნათელია – მულტინაციონალურ კომპანიებს არ უნდა ჰქონდეთ უფლება, ასეთი სირთულეებისა და ინფლაციური ზეწოლის პერიოდში, პროდუქცია 100%-დან 120%-მდე მოგების მარჟით გაყიდონ“, – დასძინა მან.
Θεοδωρικάκος: Την επόμενη εβδομάδα η νέα εφαρμογή «PosoKanei»
