უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განმარტებით, კრემლის ლიდერს, ვლადიმირ პუტინს ღია წერილი იმიტომ გაუგზავნა, რომ ამ უკანასკნელს ომთან დაკავშირებულ საკითხებზე „საჯაროდ გაეცა პასუხი“.
ამის შესახებ ზელენსკიმ გამოცემა „სქაი ნიუსთან“ ისაუბრა.
„მე გავაგზავნე წერილი – ღია წერილი – მაგრამ არ ვიცი, წაიკითხავს ადრესატი მას თუ არა. ღია წერილი ნიშნავს, რომ ვლადიმირ პუტინმა ღიად უნდა გვიპასუხოს იმ საკითხებზე, რომლებიც მისი საზოგადოებისთვისაც მნიშვნელოვანია. მითუმეტეს, მისი საზოგადოება რაღაც ფანტასტიკურ სამყაროში ცხოვრობს, სადაც მათ არავისთვის შეუტევიათ, სადაც მათ ეს აგრესიული ომი არ წამოუწყიათ, სადაც ისინი რომელიღაც რუსულენოვან მოსახლეობას იცავენ. ეს, ჩემი აზრით, სერიოზული არ არის. სწორედ ამიტომ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ღიად საუბარი იმაზე, თუ რა პოზიციაზე ვდგავართ“, – განმარტა ზელენსკიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთში ინტერნეტს თიშავენ და ბევრ სხვა შეზღუდვას აწესებენ, ამიტომ „ჩვენ არ აქვს ბევრი შესაძლებლობა, სიგნალი გავუგზავნოთ აგრესორ ქვეყანას, რომელმაც მასშტაბური ომი წამოიწყო უკრაინაში“.
პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, მისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის დახმარების შენარჩუნება.
„მე მას ეს წერილი ღიად გავუგზავნე, რადგან არავის იცის, ომის რა ეტაპზე ვიმყოფებით. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ამერიკელებს არ დავვიწყებოდით. მესმის, რომ ახლო აღმოსავლეთში ბევრი გამოწვევაა, მაგრამ ეს არის ყველაზე დიდი ომი ბოლო 80 წლის განმავლობაში, ყველაზე დიდი ევროპაში. სწორედ ამიტომ უნდა შევაჩეროთ ეს ომი. არ შეყოვნდეთ ირანის ან სხვა მიზეზის გამო“, – ნათქვამია მის განცხადებაში.
ზელენსკიმ დასძინა, რომ ღია წერილის გაგზავნამდე, თავად პუტინმა არაერთხელ განაცხადა საჯაროდ, რომ ომის დასრულება სურდა და მოლაპარაკებებისთვის მზად იყო.
„ის ამაზე საჯაროდ საუბრობდა, მაგრამ ამტკიცებდა, რომ კიევი არ იყო მზად. ის ყოველთვის საუბრობს კიევის რეჟიმზე; ვფიქრობ, ის მე მგულისხმობს. მაგრამ ვისურვებდი, რომ მან შეწყვიტოს ეს თამაშები და ჩემს წერილს უპასუხოს. თუ ეს საჯარო წერილია, მან პასუხი უნდა გასცეს. სჯობს შევხვდეთ, სჯობს შევაჩეროთ ეს ომი – სხვათა შორის, მისი ომი“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის წერილი პუტინს
4 ივნისს ზელენსკიმ გამოაქვეყნა პუტინისადმი ღია წერილი, რომელშიც მას, „ომის დასასრულებლად“, შეხვედრა შესთავაზა.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ აღნიშნული წერილი „ომის დასრულების სერიოზულ და არსებით შეთავაზებას“ წარმოადგენს და ის ოფიციალურად გადაიგზავნება დიპლომატიური არხებით.
რუსეთის ლიდერის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტის წერილი კრემლში უკვე წაუკითხეს, თუმცა პუტინი მის შინაარსს მოგვიანებით გაეცნობა.
5 ივნისს წერილს პუტინი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ზელენსკისთან ამჟამად შეხვედრაში „ჯერჯერობით აზრს ვერ ხედავს“. მანამდე მან თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრა უნდა იყოს „დასკვნითი“ ნაბიჯი, ემსახურებოდეს „შეთანხმების ხელმოწერას“, და არა რუსეთის ფედერაციის მიერ დაწყებული ომის დასრულების პირობებზე მოლაპარაკებას.
https://suspilne.media/1325397-zelenskij-poasniv-naviso-nadislav-putinu-vidkritogo-lista/
