8 ივნისს, უნგრელმა კანონმდებლებმა, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების გეგმის ფარგლებში, საკუთარი შემოსავლებისა და დანამატების შემცირებას ერთხმად დაუჭირეს მხარი. მანამდე კრიტიკოსები მადიარის წინამორბედს, ნაციონალისტ პრემიერ ვიქტორ ორბანს იმაში ადანაშაულებდნენ, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს მაღალი ხელფასებით „ათვინიერებდა“ და მათი უკმაყოფილების ჩახშობას ფულადი წახალისებით ცდილობდა. მადიარის პარტია, რომელიც, ძირითადად, ახალბედა პოლიტიკოსებით არის დაკომპლექტებული, ამ პრაქტიკის მიმართ კრიტიკულად იყო განწყობილი. 199-წევრიან საკანონმდებლო ორგანოში პლენარულ სხდომაზე მყოფმა 189-ვე პარლამენტარმა მმართველი პარტია „ტისას“ მიერ წარდგენილ კანონპროექტს ერთხმად დაუჭირა მხარი.
საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მომავალი თვიდან დეპუტატების ყოველთვიური საბაზისო ხელფასები 40 პროცენტით შემცირდება და გადასახადების დაქვითამდე, 3 690 ევროს ეკვივალენტი გახდება. საბაზისო ხელფასები ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასზე კვლავ თითქმის ორჯერ მეტი იქნება, თუმცა შემცირდება ორბანის მმართველობის პერიოდთან შედარებით, როდესაც ის საშუალო ხელფასს დაახლოებით სამჯერ აღემატებოდა. ხელფასების შემცირება ასევე შეეხებათ პრემიერ-მინისტრს, სპიკერსა და საპარლამენტო კომიტეტების წევრებს. გარდა ამისა, სრულად გაუქმდება მობილური ტელეფონის ხარჯების ანაზღაურება, ხოლო დეპუტატებისთვის განკუთვნილი დანამატები, რომელიც ოფისის იჯარას, საცხოვრებლის ქირას და თანამშრომლების დაფინანსებას ხმარდებოდა – შემცირდება.
მადიარის თქმით, 4-წლიანი ულებამოსილების ფარგლებში, ამ ზომებით ერთ წლის საოპერაციო ხარჯები დაიზოგება, რაც დიდი შეღავათი იქნება ხაზინისთვის, რომელიც წლების განმავლობაში გამეფებული სავარაუდო კორუფციის გამო, დაცარიელდა. „ჰუმანურობის გარდა, ეს ნიშნავს, რომ ვიჩენთ თავშეკავებას… და თავმდაბლობას“, – განუცხადა მადიარმა კერძო ტელეკომპანია RTL-ს გასულ თვეში, როდესაც ხელფასების შემცირების სასარგებლოდ არგუმენტებს ასახელებდა. ამავე ინტერვიუში მადიარმა აღნიშნა, რომ მერების ხელფასებიც უნდა შემცირდეს, რასაც ზოგიერთი ადგილობრივი ლიდერის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
კონსერვატორი, მაგრამ ამავე დროს პროევროპელი მადიარი ხელისუფლებაში ფართომასშტაბიანი რეფორმების, მათ შორის კორუფციასთან ბრძოლის დაპირებით მოვიდა. სისტემურმა კორუფცია უნგრეთს, ორბანის 16-წლიანი მმართველობის განმავლობაში, სულ მცირე, 186 მილიარდ ევროდ დაუჯდა – ასეთია ქვეყნის ანტიკორუფციული უწყების, „ინტეგრიტეტის“ ხელმძღვანელის, ფერენც ბიროს შეფასება, რომელიც მან საგამოძიებო ჯგუფ De Akciokozosseg-თან ინტერვიუში გააკეთა. ეს ავტონომიური საჯარო ორგანო 2022 წელს იმ რეფორმების ფარგლებში შეიქმნა, რომლებიც ორბანის მთავრობამ ევროკავშირის მიერ შეჩერებული ფინანსების მიღების მიზნით გაატარა. „ინტეგრიტეტის ბიუროს“ ოფისში ჩხრეკა გამომძიებლებმა 2025 წლის იანვარში ჩაატარეს და ბიუროს კორუფციაში დასდეს ბრალი. კვირას გამოქვეყნებულ ვიდეოინტერვიუში ბირომ განაცხადა, რომ ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა მას თავისი მოვალეობების შესრულებისგან თავის შეკავება მოსთხოვა, ხოლო იმის გამო, რომ ამ მოთხოვნას არ დაემორჩილა, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
https://www.afp.com/en/agency/our-commitments/afp-charters
