ბევრისთვის ტატუ სხეულის ხელოვნების ფორმაა, სხვებისთვის კი – რწმენის დეკლარაცია. ნიურნბერგის გარეუბნის დიაკვანი და ტატუების მიუნხენელი სპეციალისტი განმარტავენ, ქრისტიანული მოტივებით სხეულის მოხატვა რატომ შეიძლება ნიშნავდეს მორწმუნეებისთვის ბევრად მეტს, ვიდრე უბრალო დეკორაციას.
დელფინი მზის სათვალეებით, რომელსაც ფარფლის ქვეშ ბიბლია უჭირავს – მავანთათვის ეს შეიძლება უჩვეულო ტატუდ გამოიყურებოდეს. თუმცა, ნიურნბერგელი დიაკვნის, რაინერ ფუქსისთვის მას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ტატუს სტუდიაში დევანზე წამოწოლილი რაინერის წვივზე დელფინის გამოსახულება თანდათან იძენს კონტურებს. ტატუში ჩახატული ბიბლია მათეს სახარების 4:19 მუხლზე მიანიშნებს, რომელშიც იესო თავის მოწაფეებს ადამიანთა სულებზე „თევზაობისკენ“ მოუწოდებს.
ტატუები მარგინალურ ფენომენად აღარ მიიჩნევა. დღეს ტატუ ყოველ მეხუთე გერმანელს აქვს, ხოლო 25-დან 34 წლამდე ასაკის ადამიანებში – დაახლოებით ყოველ მეოთხეს.
ქრისტიანული ტატუები, როგორც რწმენის დეკლარაცია
სეანსის წინ ფუქსი ნერვიულობს. „ცოტათი მაინც ვნერვიულობ – ვღელავ, დღეს კარგი დღე აქვს თუ არა ტატუს სპეციალისტს და კარგი გამოვა თუ არა ჩემი ტატუ“, – ამბობს ის. დიაკვანს ორი საათის განმავლობაში უწევს უძრავად ჯდომა, სანამ ტატუს ოსტატი თავის საქმეს დაასრულებს.
ქრისტიანული სიმბოლოები ფუქსს თითქმის მთელ სხეულზე აქვს დახატული. იგი საკუთარ სხეულს „ღვთის ტაძარს“ ადარებს და ამბობს, რომ მისი ტაძარი სხვებისაზე უფრო ფერადია. მკლავებზე გულმოწყალების შვიდი საქმე აქვს ამოტვიფრული, მკერდს კი ლუთერის ვარდი უმშვენებს. ზურგზე იესო ქრისტე ლოცულობს, მხარზე კი მტრედი მოჩანს. იგი თავის ტატუებს რწმენისა და დიაკვნის, როგორც სულიერი მრჩევლის მისიის გამოხატულებად მიიჩნევს.
„უცხოთა მიღება და შეფარება, პატიმართა მონახულება, სნეულთა განკურნება, მწყურვალთათვის წყლის მიწოდება, მშიერთა დაპურება, მიცვალებულთა დაკრძალვა და შიშველთა შემოსვა, – ჩამოთვლის იგი გულმოწყალების შვიდ საქმეს, – სწორედ ეს არის ის, რაც მე მამოძრავებს“.
დიაკვანი შეგნებულად უწესებს თავის თავს შეზღუდვებს
დაახლოებით 20 წლის წინ, როდესაც ფუქსმა ტატუების გაკეთება დაიწყო, ამას ყველა დადებითად არ შეხვედრია. იმ დროს ტატუს გაკეთება უჩვეულო ამბავი იყო, დღეს კი საზოგადოება ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს.
მიუხედავად ამისა, იგი საკუთარ თავს მკაცრ საზღვრებს უწესებს. მისი კისერი, ხელის მტევნები და სახე „ხელუხლებელი“ რჩება. მას სურს, რომ ადამიანებმა მასში დიაკვანი დაინახონ და არა „ როკ-ენ-როლის ტატუირებული არტისტი“. ტატუებს მისი ლიტურგიკული სამოსი ფარავს. „ამგვარად, ყურადღება გამახვილებულია მსახურებაზე და არა ჩემზე, როგორც ექსცენტრიკულ პერსონაჟზე“.
ამავდროულად, ის ამჩნევს, რომ ტატუები ადამიანებთან ურთიერთობაშიც ეხმარება. როდესაც ხალხი მის ტატუებს ხედავს, იწყება საუბარი ცხოვრებისეულ საკითხებსა და რწმენაზე. ხშირად, ტატუს შესახებ დასმული შეკითხვა სწრაფად გადაიზარდება ხოლმე პირად და გულწრფელ საუბარში.
ტატუს სპეციალისტი ქრისტიანულ ტატუებზე დიდ მოთხოვნას ადასტურებს
ორ ათწლეულზე მეტია, ტატუს მიუნხენელი სპეციალისტი, სილას ბექსი ქრისტიანულ მოტივებზე მუშაობს. მისთვის ტატუირების ხელოვნებისა და რწმენის კავშირი მჭიდროდ არის გადაჯაჭვული საკუთარ ცხოვრებისეულ გზასთან. „ქრისტიანული ტატუებით ჩემი გატაცება, უბრალოდ, ჩემივე რწმენიდან გამომდინარეობს“, – ამბობს ის.
მისი დაკვირვებით, ქრისტიანული ტატუების მიმართ ინტერესი წლების განმავლობაში სტაბილურად ნარჩუნდება. რელიგიურ სიმბოლოებს ადამიანები, უფრო ხშირად, დიდი სოციალური ძვრების ან პირადი ტრაგედიების შემდეგ მიმართავენ. მაგალითად, ბექსის თქმით, მოთხოვნის განსაკუთრებით დიდი რაოდენობა დაფიქსირდა რომის პაპის, იოანე პავლე II-ის გარდაცვალებისას.
ბევრი მომხმარებლისთვის ამ ტატუებს მნიშვნელოვანი პირადი დანიშნულება აქვს. „ზოგისთვის ეს ერთგვარი დაცვაა“, – ამბობს ბექსი. სხვები რელიგიურ ტატუებში იმის შეხსენებას ხედავენ, რომ რწმენა არასოდეს უნდა დაკარგონ.
რწმენა, იმედი და გზამკვლევი კანზე
ფუქსისთვის მისი ტატუები რწმენის თვალსაჩინო ნიშნებია. ამავდროულად, ისინი საუბრის წამოწყების საბაბად იქცევა ხოლმე. როგორც კი ადამიანები ტეტუების მნიშვნელობით ინტერესდებიან, საუბარი ხშირად ცხოვრებისეულ საკითხებსა და რელიგიაზე გადადის.
როდესაც სეანსის დასრულების შემდეგ ახლად გაკეთებულ დელფინის ტატუს ათვალირებს, დიდ შვებას გრძნობს. „დიახ, აბსოლუტურად აღფრთოვანებული ვარ, ამას სიამაყით ვატარებ“, – ამბობს ის.
დიაკვნისთვის ახალი ტატუ მხოლოდ სხეულის მოხატვის ხელოვნება არ არის. ეს მისი რწმენის კიდევ ერთი ხილული ნიშანიცაა.
https://www.br.de/nachrichten/bayern/christliche-tattoos-wenn-der-glaube-unter-die-haut-geht,VM26HYA
