„ბავშვთა უფლებების ალიანსის“ მონაცემებით, 2025 წელს ირლანდიაში ყოველი მე-12 ბავშვი „უკიდურეს სიღარიბეში“ ცხოვრობდა, ხოლო 95 170 ბავშვი „ქრონიკული სიღარიბის“ პირობებში იმყოფებოდა.
„ბავშვთა სიღარიბის მონიტორინგი 2026 წელს“ წარმოადგენს ორგანიზაციის მეხუთე ყოველწლიურ ანგარიშს, რომელიც მიმოიხილავს მთავრობის პროგრესს ბავშვთა სიღარიბის შემცირების მიმართულებით.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებელი ქვეყანაში ხან უმნიშვნელოდ იზრდებოდა, ხან ასევე ოდნავ მცირდებოდა.
კვლევამ აჩვენა, რომ გასულ წელს საერთო სურათი და ტენდენციები, ძირითადად, უცვლელი დარჩა და სიღარიბის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, ყველა სხვა ასაკობრივ ჯგუფთან შედარებით, სწორედ ბავშვებში დაფიქსირდა.
ანგარიშში მითითებულია, რომ „ქრონიკულ სიღარიბეში“ მცხოვრები ბავშვების რაოდენობა, მართალია, 8.5%-დან (2024 წელი) 7.8%-მდე შემცირდა (2025 წელი), მაგრამ ამის მიუხედავად, ნებისმიერ სხვა ასაკობრივ ჯგუფთან შედარებით, მაინც მაინც ყველაზე მაღალ მაჩვენებელს წარმოადგენს.
„ბავშვთა უფლებების ალიანსი“ მოუწოდებს ირლანდიის ხელისუფლებას, რომ 2027 წლის ბიუჯეტი იყოს „ბავშვებზე ორიენტირებული“ და მის მთავარ მიზნად სიღარიბის მანკიერი წრის გარღვევა იქცეს.
„ბავშვთა უფლებების ალიანსის“ აღმასრულებელი დირექტორი, ტანია უორდი ხაზგასმით ამბობს, რომ ბავშვთა სიღარიბის უახლესი მონაცემების თანახმად, 95 000-ზე მეტი ბავშვი ირლანდიაში „ქრონიკული სიღარიბის“ პირობებში იზრდება.
„ეს არის 95 000 ბავშვი და ოჯახი, რომლებსაც არ შეუძლიათ სახლის გათბობა, როდესაც ტემპერატურა მკვეთრად ეცემა, ან ვერ ყიდულობენ ქურთუკს და ახალ სასკოლო ფეხსაცმელს, როდესაც ძველი უპატარავდებათ“.
„ესენი არიან ბავშვები, რომლებმაც იციან, რას ნიშნავს სკოლისშემდგომი აქტივობებისა თუ დაბადების დღის აღსანიშნავი წვეულებების გარეშე ცხოვრება. ისინი ცხოვრობენ ოჯახებში, რომლებიც რეგულარულად იკლებენ ყველაფერს, რათა შვილებს საჭმელი არ მოაკლონ“, – აღნიშნა მან.
„ჩვენ ასევე უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: რა უჯდებათ ეს ყველაფერი ბავშვებს? პასუხი ერთმნიშვნელოვანია – ამან შეიძლება მათ ჯანმრთელობა, მეგობრები, განათლება და დასაქმების პერსპექტივა დააკარგვინოს“.
„სიღარიბის რისკის ქვეშ ახლა უფრო მეტი ბავშვი იმყოფება, ამიტომ დაფინანსებას ვერ შევამცირებთ. აქცენტი მხოლოდ დაფინანსების გაზრდაზე უნდა გაკეთდეს, რათა თითოეულმა უწყებამ შეძლოს არსებული საჭიროებების დაკმაყოფილება და უფრო მეტი გააკეთოს მათთვის, ვისაც დამატებითი მხარდაჭერა სჭირდება“, – დასძინა უორდმა.
ირლანდიის ტელე-რადიომაუწყებლის (RTÉ) გადაცემა Morning Ireland-ში საუბრისას, მან ასევე აღნიშნა: „ესენი არიან ოჯახები, რომლებიც რესტორანში სავახშმოდ ვერ დადიან. ესენი არიან ბავშვები, რომლებიც მეგობრების დაბადების დღეებზე ვერ მიდიან, რადგან საჩუქრის ყიდვის საშუალება არ აქვთ“.
„ეს ის ბავშვები არიან, რომლებიც სექტემბერში სკოლაში თბილი ქურთუკისა და ახალი ფეხსაცმლის გარეშე მიდიან – ანუ იმ ნივთების გარეშე, რაც ბავშვების უმრავლესობისთვის ჩვეულებრივი მოცემულობაა“.
ქალბატონმა უორდმა მოუწოდა ქვეყნის მთავრობას, ბავშვთა შემწეობები და საწვავის დანამატი გაზარდოს, რათა „სიღარიბეში მყოფმა ოჯახებმა კრიზისი გადალახონ“.
https://www.rte.ie/news/2026/0610/1577708-child-poverty-report/
