აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, რომელიც საომარი მოქმედებების 60 დღით შეწყვეტას ითვალისწინებს, ნავთობის და ბენზინის ფასები ეცემა.
ამის შესახებ გამოცემა „ბლუმბერგი“ იუწყება.
„ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი 1.3%-ით შემცირდა და ბარელზე თითქმის 78 დოლარი შეადგინა. აშშ-ში ბენზინის ფასი მარტის შემდეგ პირველად ჩამოცდა გალონზე 4 დოლარს.
გამოცემა ვარაუდობს, რომ ირანსა და აშშ-ს შორის მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ჰორმუზის სრუტის გახსნილად დარჩენის ალბათობა უფრო მაღალია, თუმცა ნავთობის ნაკადების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას მაინც რამდენიმე თვე დასჭირდება.
გლობალურმა მულტინაციონალურმა საინვესტიციო ბანკმა და ფინანსური მომსახურების წამყვანმა კომპანია Goldman Sachs Group Inc.-მა, რომლის სათავო ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს, „ბლუმბერგს“ განუცხადა, რომ ის ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის ექსპორტის ომამდელი დონის მხოლოდ 70 პროცენტამდე აღდგენას ვარაუდობს. კამპანიის განმარტებით, ამის მიზეზი ის არის, რომ მიმწოდებლები – ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები – ნავთობის ტრანსპორტირებისთვის უკვე ალტერნატიულ მარშრუტებს იყენებენ.
ნავთობის ყველაზე მაღალი ფასი აპრილში დაფიქსირდა, როდესაც ჰორმუზის სრუტე ირანის მიერ იყო ბლოკირებული. მაშინ „ბრენტის“ მარკის ნავთობის ფასი ბარელზე 126 დოლარამდე გაიზარდა.
18 ივნისს შეერთებულმა შტატებმა და ირანმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულებას ისახავს მიზნად. ხელმოწერა დისტანციურად განხორციელდა.
დოკუმენტის თანახმად, აშშ და ირანი ვალდებულებას იღებენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ყველა სამხედრო ოპერაცია, მათ შორის საომარი მოქმედებები ლიბანის ტერიტორიაზე, და მომავალში ერთმანეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან ან ძალის გამოყენების მუქარისგან თავი შეიკავონ. მემორანდუმი 60 დღის ვადაში საბოლოო შეთანხმების გაფორმებას ითვალისწინებს.
https://suspilne.media/1334200-cina-na-naftu-padae-pisla-memorandumu-miz-ssa-ta-iranom/
