გერმანიის ფედერალური მხარეები (მიწები) ცვლიან თავიანთ კონსტიტუციებსა და კანონებს, რომლებიც სასამართლოებსა და საზოგადოებრივ მედიას არეგულირებს. მათი მტკიცებით, ექსტრემისტებისგან სისტემის დასაცავად ასეთი ზომების მიღება აუცილებელია. შემოდგომაზე ქვეყანაში სამი რეგიონული არჩევნები გაიმართება. ორ მათგანში ნაციონალისტური და ქსენოფობიური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვების მთავარ ფავორიტად მიიჩნევა, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებებს აკრიტიკებს.
შლეზვიგ-ჰოლშტაინის მხარის პარლამენტი ერთადერთია, რომელშიც გერმანიის ულტრამემარჯვენეები არ არიან წარმოდგენილნი. თუმცა, მომდევნო არჩევნებზე მდგომარეობა, შესაძლოა,შეიცვალოს. ამიტომ, სხვა პარტიები პრევენციული ზომების მიღებას ცდილობენ.
„ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ფედერალურ მხარეებში გადაწყვეტილებების მიღებას ბლოკავს. ამიტომ, ჩვენი ზომები მიმართულია ყველა იმ ძალის წინააღმდეგ, რომელიც შეიძლება ერთ დღეს პარლამენტის შიგნიდან დაუპირისპირდეს ჩვენს დემოკრატიას“, – ამბობს ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის (CDU) წარმომადგენელი შლეზვიგ-ჰოლშტაინის მხარის პარლამენტში, მარიონ შიფერი, რომელიც მართლმსაჯულებისა და შიდა უსაფრთხოების საკითხიბზეა პასუხისმგებელი.
მოსალოდნელი ცვლილებები
შემოთავაზებული სამართლებრივი ცვლილებები მიზნად ისახავს ფედერალური მხარის საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის ბლოკირების თავიდან აცილებას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე მოსამართლეთა დანიშვნას ეხება. სხვა ფედერალური მიწები საზოგადოებრივი მედიის დაცვის დამატებით მექანიზმებს ნერგავენ ან სადაზვერვო სამსახურების ინფორმაციაზე წვდომას ზღუდავენ. ეს უწყებები AfD-ის ექსტრემიზმთან შესაძლო კავშირებს იძიებენ.
„მალე, როდესაც მმართველი პარტიები ოპოზიციაში აღმოჩნდებიან, მათ მოუწევთ შეეგუონ იმას, რასაც ახლა კენჭს უყრიან. ჩვენ გვინდა, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის პრინციპები შევინარჩუნოთ“, – განაცხადა შლეზვიგ-ჰოლშტაინის AfD-ის თავმჯდომარემ, კურტ კლაინშმიდტმა.
ცვლილებების მხარდამჭერები გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე თიურინგიის ფედერალურ მხარეზე ამახვილებენ ყურადღებას, სადაც სასამართლომ AfD-ი ექსტრემისტულად ცნო. ბოლო არჩევნების შემდეგ, პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ამ მხარის პარლამენტში ადგილების მესამედს ფლობს და უკვე ორი წელია, მოსამართლეების დანიშვნას ბლოკავს.
დედაქალაქ ბერლინის გარდა, წელს არჩევნები ასევე გაიმართება საქსონია-ანჰალტსა და მეკლენბურგ-წინა პომერანიაში. ორივე ფედერალურ მიწაზე გამოკითხვებში AfD-ი ლიდერობს. პირველმა მათგანმა თავისი კონსტიტუცია მიმდინარე წლის აპრილში შეცვალა, მეორეში კი კანონმდებლებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
„ორი მმართველი და სამი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები წინადადებაზე ორი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. ვფიქრობ, არსებობს კარგი არგუმენტები იმისთვის, რომ ისევე გავაგრძელოთ, რასაც ახლა ვაკეთებთ“, – მიიჩნევს შიფერი.
ლიდერობა ყოფილ აღმოსავლეთ გერმანიაში
გამოკითხვების თანახმად, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ახლა გერმანიის ყველაზე ძლიერი პარტიაა. ყოფილი აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე მისი მხარდაჭერა დაახლოებით 40 პროცენტს აღწევს და ის დიდი უპირატესობით უსწრებს ყველა სხვა პარტიას. გერმანიის დასავლეთ ნაწილში კი ამომრჩეველთა სიმპათიები უფრო თანაბრად არის განაწილებული სხვადასხვა პარტიას შორის.
წლევანდელ არჩევნებზე აღმოსავლეთში, AfD-ი მოსახლეობას რადიკალურ ცვლილებებს ჰპირდება. მას სურს, ინკლუზიური განათლება და სკოლაში გაკვეთილებზე სავალდებულო დასწრება გააუქმოს, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებელი დაფინანსების გარეშე დატოვოს. თუმცა, ასეთი ზომები, სავარაუდოდ, სასამართლოში გასაჩივრდება. სწორედ ამიტომ კამათობენ ამ საკითხებზე აქტიურად გერმანელი პოლიტიკოსები.
https://ct24.ceskatelevize.cz/clanek/svet/spolkove-zeme-chteji-branit-soudy-i-media-pred-extremisty-374764
