რუსულმა ძალებმა შავ ზღვაში დრონებით იერიში მიიტანეს სამ სავაჭრო გემზე, რომლებიც ოდესის ოლქის პორტებისკენ მიემართებოდნენ.
ამის შესახებ ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა განაცხადა.
თავდასხმები 22 ივნისის ღამეს მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დარტყმის სამიზნეებს შორის იყო პანამის დროშის ქვეშ მცურავი ტვირთმზიდი. შედეგად, გემზე ხანძარი გაჩნდა და ეკიპაჟის წევრების ევაკუაცია განხორციელდა. კიპერის ინფორმაციით, დაიღუპა ეკიპაჟის ერთი წევრი – ეგვიპტის მოქალაქე, რომელიც გემზე მზარეულად მუშაობდა.
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების ცნობით, ტვირთმზიდზე იმყოფებოდნენ ეგვიპტის, თურქეთისა და ინდოეთის მოქალაქეები.
მათივე ცნობით, რუსეთის თავდასხმის სამიზნე ასევე გახდა პალაუსა და ბელიზის დროშების ქვეშ მცურავი სხვა სავაჭრო გემები. ამ შემთხვევებში დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
