გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოში აშშ-ის წარმომადგენლის დენ ნეგრეას განცხადებით, რუსეთმა უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმება უნდა დადოს, რადგან დრო მის სასარგებლოდ არ მუშაობს.
„როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა გასულ კვირას „დიდი შვიდეულის“ სამიტზე განაცხადა, რუსეთმა შეთანხმება უნდა დადოს. დრო მოსკოვის სასარგებლოდ არ მუშაობს“, – განაცხადა ნეგრეამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, რუსეთის არმია ყოველ დღე 40 ათას სამხედროს კარგავს, ხოლო ქვეყნის ეკონომიკა სერიოზულ სირთულეებს განიცდის. თავის მხრივ, უკრაინა სწრაფად ნერგავს სიახლეებს.
„დიპლომატია და მოლაპარაკებები და არა სისხლის ღვრა – ერთადერთი პასუხია. აღნიშნულ უაზრო მკვლელობებს სხვა არაფერი შეაჩერებს. ომი ძალიან დიდი ხანია გრძელდება და ის უნდა დასრულდეს“, – განაცხადა ნეგრეამ.
ამერიკელი დიპლომატის თქმით, შეერთებული შტატები უკრაინის მოსახლეობას მხარს უჭერს.
„საკმარისია. უკვე საკმარისია. ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის დრო დადგა. რუსეთისთვის და უკრაინისთვის დადგა დრო დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას და სამშვიდობო შეთანხმება დადონ“, – დასძინა მან.
