ბრაზილიელ ქალს პირობითი პატიმრობა მიესაჯა იმის გამო, რომ გაფრთხილებების მიუხედავად, არაერთხელ მივიდა კეი-პოპ ჯგუფ BTS-ის ვარსკვლავის, ჯონგუქის სახლში – ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის დროს მან მუსიკოსის კარზე ზარი 133-ჯერ დარეკა.
ქალმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ჯონგუქის სტალკინგი გასული წლის დეკემბერში დაიწყო. ის ასევე ცდილობდა მისი სახლის ზღურბლთან დაეტოვებინა წერილები და ფოტოები, რაც, მისივე თქმით, 28 წლის მომღერლის მიმართ „სიყვარულით“ იყო განპირობებული. სეულის რაიონულმა სასამართლომ მას ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა, რომელიც ორწლიანი გამოსაცდელი ვადით შეუჩერდა.
ამასთან, თუ ქალი განაჩენს წარმატებით ვერ გაასაჩივრებს, მოსალოდნელია მისი დეპორტაცია სამხრეთ კორეიდან.
ქალი, რომელიც სასამართლო დოკუმენტებში სახელით არ არის მოხსენიებული, ჯონგუქის სახლს სეულში პირველად 7 დეკემბერს ეწვია. ის ტერიტორიის გარშემო ტრიალებდა, ნივთებს ღობეზე ისროდა და წერილებს კარის ღიობებში ტენიდა. რამდენიმე დღის შემდეგ ის კვლავ მივიდა და კარზე ზარი 133-ჯერ დარეკა – სასამართლომ ეს ქმედება „აკვიატების უკიდურეს დონედ“ შეაფასა.
ქალი 13 დეკემბერს დააკავეს, როდესაც საკვების მიტანის კურიერს უკან მიჰყვა და ტერიტორიაზე გვერდითა ჭიშკრიდან შეაღწია. მეორე დღეს ის გაათავისუფლეს იმ გაფრთხილებით, რომ საკუთრებას აღარ მიახლოებოდა, თუმცა მან ეს გაფრთხილება უგულებელყო.
მისი ვიზიტები მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაშიც გაგრძელდა, რის გამოც პოლიციამ მას სახლთან 100 მეტრზე მიახლოება აუკრძალა, თუმცა უშედეგოდ. მას შემდეგ, რაც ქალმა ჯონგუქის სახლში სიარული კვლავ განაგრძო, პოლიციამ თებერვალში მისი საქმე საბოლოოდ პროკურატურას გადასცა. სასამართლო პროცესზე გაჟღერებული ინფორმაციით, ის აღნიშნულ მისამართზე სულ მცირე 22-ჯერ მივიდა.
სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას, რაიონულმა მოსამართლემ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა რამდენიმე შემამსუბუქებელი ფაქტორი, მათ შორის ისიც, რომ მისი მხრიდან განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკი „არ იყო მნიშვნელოვანი“.
გასული წლის ივნისში, სეულში 30 წლამდე ასაკის ჩინელი ქალი დააკავეს, რომელიც ჯონგუქის სახლში შეჭრას ცდილობდა სულ რაღაც რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც მომღერალმა სამხედრო სამსახური დაასრულა.
