კახეთის მხარეში ახალი დაცული ტერიტორია „ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიები“ შეიქმნა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, შესაბამისი კანონის თანახმად, დაცული ტერიტორია საგარეჯოს, გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, ჯამში, 39 877 ჰექტარ ფართობზე განისაზღვრა.
მათივე ცნობით, ახალი დაცული ტერიტორია მოიცავს სამ კატეგორიას: ცივ-გომბორის ეროვნული პარკი – 21 761 ჰა, სიღნაღის აღკვეთილი – 554 ჰა და ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტი – 17 562 ჰა. ცივ-გომბორის დაცული ლანდშაფტის მართვას გურჯაანის მუნიციპალიტეტი განახორციელებს.
„„ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების“ შექმნა მნიშვნელოვნად გააძლიერებს კახეთის მხარეში დაცული ტერიტორიების ქსელს და ხელს შეუწყობს უნიკალური ბუნებრივი ეკოსისტემების, ბიომრავალფეროვნებისა და ლანდშაფტების დაცვას.
ახალი დაცული ტერიტორიის დაარსება ასევე მნიშვნელოვანია რეგიონში ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და მდგრადი ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის. აღნიშნული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს კახეთის, როგორც ეკოტურისტული მიმართულების საერთაშორისო პოპულარიზაციას და ადგილობრივ მოსახლეობას დამატებით შესაძლებლობებს შეუქმნის დასაქმებისა და ეკონომიკური საქმიანობის განვითარების მიმართულებით“, – აღნიშნულია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციაში.
