ამერიკელი სამხედროების მიერ ნიკოლას მადუროს შეპყრობიდან 6 თვის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ, ფაქტობრივად, სრულ კონტროლქვეშ მოაქცია ვენესუელის ფინანსები, ბუნებრივი რესურსების განაწილება და მთავრობა, – წერს The New York Times-ი, ათზე მეტ ამერიკელ და ვენესუელელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
გამოცემა აღნიშნავს, რომ რუბიოს გავლენა სუვერენულ სახელმწიფოზე უპრეცედენტოა. ჟურნალისტების შეფასებით, ამერიკელი მაღალჩინოსანი დე-ფაქტო ქვეყნის „ვიცე-მეფე“ გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ, რაც ვენესუელა აშშ-ის კონტროლქვეშ გადავიდა, სახელმწიფო მდივანი იქ პირადად არ ჩასულა, რუბიო ღრმად არის ჩართული ქვეყნის ყოველდღიურ საქმეებში. მას WhatsApp-ის საშუალებით მჭიდრო კონტაქტი აქვს დელსი როდრიგესთან, რომელიც მანამდე მადუროს მთავრობაში ვიცე-პრეზიდენტი იყო, ახლა კი, ვაშინგტონის თანხმობით, ქვეყნის მეთაურის მოვალეობას ასრულებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ რუბიოსა და როდრიგესს შორის კავშირი პარტნიორულისგან ძალიან შორს არის. ფინანსების გარდა, რუბიო აკონტროლებს ამერიკული სანქციების გამოყენებას და ვენესუელის ნავთობის სექტორის რეფორმირების პროცესს. როდრიგესი მასთან ასევე ათანხმებს მნიშვნელოვან სამთავრობო დანიშვნებს, კერძოდ, თავდაცვის მინისტრის კანდიდატურას.
„აშშ-ის ჩარევა ვრცელდება როდრიგესის საჯარო საქმიანობაზეც. მაისში რუბიომ მისი ვიზიტი ინდოეთში ვენესუელის მთავრობაზე ადრე დააანონსა, რითაც როგორც ვენესუელელი მაღალჩინოსნები, ისე უცხოელი დიპლომატები გააკვირვა. როდესაც Fox News-ის წამყვანმა ბრეტ ბაიერმა როდრიგესს ინტერვიუს თხოვნით მიმართა, მან უპასუხა, რომ ეს პირადად აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს უნდა დაემტკიცებინა“, – წერს გამოცემა.
NYT ასევე აღნიშნავს, რომ ვენესუელამ ფაქტობრივად დაკარგა საკუთარი საგარეო პოლიტიკის ფორმირების შესაძლებლობა.
„როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს დაარტყა ირანს, ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივან ხილმა კარაკასის ძველი მოკავშირის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია რბილად დაგმო. ტრამპის ადმინისტრაციამ როდრიგესს ამ პოსტის წაშლა მოსთხოვა და გააფრთხილა, რომ აშშ-ის მოწინააღმდეგეებისთვის მხარი საჯაროდ აღარ დაეჭირა. ხილმა პუბლიკაცია გამოჩენიდან რამდენიმე საათში წაშალა“, – ნათქვამია სტატიაში.
ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ რუბიოს ამჟამინდელი პოლიტიკა მკვეთრად განსხვავდება მისი წინა განცხადებებისგან, როდესაც ის თავს ლათინურ ამერიკაში დემოკრატიის დამცველად წარმოაჩენდა.
პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „მართავს ქვეყანას“ მანამ, სანამ არ მოხდება ხელისუფლების „უსაფრთხო, სათანადო და გონივრული გადაცემა“.
რამდენიმე დღის შემდეგ NYT-სთან ინტერვიუში ტრამპმა თქვა, რომ, მისი აზრით, შეერთებული შტატები ვენესუელას წლების განმავლობაში უხელმძღვანელებს.
