ის ფაქტი, რომ ამჟამად ვიმყოფები აშშ – ში სიმართლეა, მაგრამ გაუგებარია ჩემთვის სპეკულაცია, რომ თითქოს ჩემი გადაწყვეტილება უკავშირდება ჩემს ყოფილ სამსახურს და იქაურ ამბებს, – წერს უჩა ინაძე „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თითქოს ის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი იყო, აშშ-ში ემიგრაციაში „ჩუმად გაიპარა“.
ინაძის თქმით, მისი გადაწყვეტილება არ უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან მის ურთიერთობას და პირიქით, ამბობს, რომ ამაყობს ყოფილი სამსახურით და ივანიშვილების ოჯახთან მეგობრობით.
„ყველას მოგესალმებით. როგორც იცით, მე არ ვარ სოციალურ ქსელში აქტიური და არ გამოვირჩევი სტატუსების წერით, მაგრამ მინდა გამოვეხმაურო იმ ფაქტს, რასაც ბოლო 3 დღეა TV ფორმულა ავრცელებს, რომ თითქოს მე გავიქეცი სამსახურიდან, დავტოვე ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახური და წავედი ემიგრაციაში.
ის ფაქტი, რომ ამჟამად ვიმყოფები აშშ – ში სიმართლეა, მაგრამ გაუგებარია ჩემთვის სპეკულაცია, რომ თითქოს ჩემი გადაწყვეტილება უკავშირდება ჩემს ყოფილ სამსახურს და იქაურ ამბებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ – არანაირი კავშირი ჩემს აშშ – ში წამოსვლასა და ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან ჩემს ურთიერთობასთან არ აქვს. პირიქით – მე ვამაყობ ჩემი ყოფილი სამსახურით და ამ ოჯახთან ჩემი მეგობრობით. გთხოვთ, ნუ აჰყვებით ბინძურ სპეკულაციებს!“- წერს უჩა ინაძე.
