რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრი ვიტალი ზოლოჩევსკი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივით გამოდის.
ზოლოჩევსკის აზრით, 2008 წლის მოვლენებიდან დიდი დრო გავიდა, საქართველოს ხელისუფლებაში კი სხვა ადამიანები მოვიდნენ, რასაც შედეგად მოჰყვა საქართველოსთან სატრანსპორტო კავშირის აღდგენა და სავაჭრო ბრუნვის გაზრდა.
“რუსეთმა არ უნდა თქვას უარი საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე. პერსპექტივაში ეს კავშირი აღდგება. დღეს საჭიროა ამ მიმართულებით გაძლიერებული სამუშაოს შესრულება – მეგობრულ-ძმური ურთიერთობების რეანიმაცია, ძველი კონფლიქტებიდან დასკვნების გამოტანა და თანამედროვე განვითარების გზის გაგრძელება. ჩვენ თავის დროზე ერთად დავუშვით შეცდომები, თუმცა ძლიერი ის არის, ვისაც საკუთარი შეცდომების აღიარება შეუძლია”, – განაცხადა ზოლოჩევსკიმ.