საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) აღმასრულებელ მდივანს, კრისტიან ფრის ბახს შეხვდა.
მხარეებმა ,,გარემო ევროპისთვის“ მერვე მინისტერიალის ფარგლებში განსახილველ საკითხებზე ისაუბრეს, რომელიც ბათუმში იმართება.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელ მდივანს მადლობა გადაუხადა კონფერენციის ფარგლებში თანამშრომლობისა და იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც ორგანიზაცია რეგიონის ქვეყნებში გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით იჩენს.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ UNECE-ის პროცესი – „გარემო ევროპისთვის” და მინისტრთა კონფერენციები ხელს უწყობს რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობას და მნიშვნელოვან გარემოსდაცვით საკითხებზე მსჯელობის, პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრის და კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავების საშუალებას იძლევა.
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ კონფერენცია მაღალ დონეზე, საინტერესოდ და ნაყოფიერად წარიმართება.
ბათუმის მინისტერიალში 56 ქვეყნის 600-მდე ოფიციალური დელეგატი მონაწილეობს.