ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის, – განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა გიორგი სოსიაშვილმა ოპოზიციის აქტივისტის დავით ჩხეიძის განცხადებაზე საუბრისას, რომელიც მიიჩნევს, რომ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდები ციხეში უნდა ისხდნენ, რადგან ეს პოლიტიკურად მომგებიანია – ჩხეიძე უკმაყოფილოა, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.
“რადიკალების მხრიდან ვხედავთ, რომ ოღონდ თავიანთი საქმე გააკეთონ, ოღონდ თავიანთი სცენარების განხორციელებაში ხელი არ შეეშალოთ, ყველაფერზე წამსვლელები არიან, მათ შორის იმაზეც, რომ ახალგაზრდები იყვნენ ციხეში. მათი წაქეზებულია ეს ახალგაზრდობა, მათ შეიყვანეს შეცდომაში. ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან, გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის”, – განაცხადა სოსიაშვილმა.
პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სულ 226 პირი შეიწყალა. მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ პატიმრებს შორის საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირებიც არიან. შეწყალებულმა პირებმა საპატიმროები 27 აგვისტოს დატოვეს.
