რადიკალური, აგენტურული ოპოზიცია ცდილობს, ყველა ტრაგედია საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. კიდევ ერთხელ კარგად ჩანს, თუ როგორ არ აინტერესებთ რადიკალებს არანაირი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენა, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა რადიკალების მიერ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გაკეთებული კომენტარების შეფასებისას.
„პირველ რიგში, მინდა, სინანული გამოვხატო ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების გამო. ჩვენ გულისყურით ვაკვირდებოდით მის ბლოგს. შინაარსი იყო ქართულ-აფხაზური მეგობრული ურთიერთობების აღდგენა და ძალიან პოზიტიური მოტივები იყო ამ ყველაფერში. თუმცა, სამწუხაროდ, ეს ადამიანი გარდაიცვალა.
რადიკალური, აგენტურული ოპოზიცია ცდილობს, ყველა ტრაგედია საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს. კიდევ ერთხელ კარგად ჩანს, თუ როგორ არ აინტერესებთ რადიკალებს არანაირი ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენა. ყველგან ცდილობენ, საკუთარ დღის წესრიგს რაღაც წაამატონ იმ ტრაგედიების გათვალისწინებითაც კი, რომელზედაც პირდაპირ არსებობს აღიარებული ჩვენებები“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე ოპოზიციამ და მათმა აქტივისტებმა კამპანია წამოიწყეს, რომ თითქოს ის მოკლეს. ისინი არაერთ ვერსიას ასახელებდნენ, მათ შორის, უკავშირებენ მის საქმიანობას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, განსაცდელში მიტოვების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი 27 აგვისტოს იპოვეს.
