ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი სპეცრაზმელის, ვანო გოლოშვილის ოჯახს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის ლიდერებმა სამძიმარი გამოუცხადეს. კანონმდებლები გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახში იმყოფებოდნენ.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, გარდაცვლილი სპეცრაზმელის თავდადება არ იქნება ამაო და მისი საქციელი ქვეყნის, საზოგადოებისა და მომავლის უსაფრთხოებას ემსახურება.
”საქართველოს პარლამენტის სახელით ვუსამძიმრებთ დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს. ვიზიარებთ მწუხარებას. მან ნამდვილად გმირობის და თავდადების მაგალითი მოგვცა ჩვენ ყველას. დარწმუნებული ვარ, რომ მისი თავდადება არ იქნება ამაო, ის ემსახურებოდა ჩვენი საზოგადოების, ქვეყნის, ჩვენი მომავლის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას.
ამ სპეცოპერაციამ კიდევ ერთხელ გამოაჩინა, თუ რა რთული პროფესიაა, იყო სპეცრაზმელი, იყო პოლიციელი, ჯარისკაცი. ამ სპეცოპერაციამ ასევე გამოაჩინა, რომ არანაირი ანაზღაურება არ არსებობს თავდადების და სხვების დასაცავად და სიცოცხლის დათმობისთვის”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.