აღსრულების ეროვნულმა ბიურომ აღმასრულებელთა საერთაშორისო დღეს კონფერენცია მიუძღვნა, რომელსაც საქართველოს იუსტიციის მინისტრი დაესწრო.
თეა წულუკიანმა აღმასრულებლებს პროფესიული დღე მიულოცა და საქმიანობაში გამოჩენილი პროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბოლო წლების განმავლობაში აღმასრულებელთა მხრიდან მოქალაქეებისადმი მიდგომა აბსოლუტურად შეიცვალა და ის მხარეების მორიგებასა და მედიაციაზე ორიენტირებული გახდა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანებით, მორიგების მაღალი მაჩვენებლისა და სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის ქვეყნის მასშტაბით 21 აღმასრულებელს მადლობა გამოეცხადა.
შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული კვლევების თანახმად, 2015 წლის მონაცემებით, მოქალაქეების მიმართ აღსრულების ეროვნული ბიუროსა და კერძოდ, აღმასრულებლის, მიმართ ნდობის მაჩვენებელმა 74 პროცენტი შეადგინა. 64 პროცენტამდე გაიზარდა იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომელთა აზრითაც უწყების სერვისები ხელმისაწვდომი და საქმისწარმოება გამჭვირვალე გახდა. გამოკითხული მოქალაქეების 69 პროცენტის აზრით კი, აღსრულების ეროვნული ბიურო და აღმასრულებლის საქმიანობა ბოლო წლების განმავლობაში უკეთესობისკენ შეიცვალა.
აღმასრულებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ-ების უფროსები და ქვეყნის მასშტაბით მოქმედი 170-მდე აღმასრულებელი დაესწრო.
აღმასრულებელთა დღე მსოფლიოში აღმასრულებელთა საერთაშორისო გაერთიანების წევრთა ინიციატივით 2008 წლიდან აღინიშნება, რომელშიც აღსრულების ეროვნული ბიურო 2012 წლიდან ირიცხება.