ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე სამხედრო პოლიციის დღე აღინიშნა. საზეიმო ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი სერგო ძაგნიძე და თავდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
ცერემონიალზე ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებლმა ორკესტრმა სახელმწიფოს ჰიმნი შეასრულა. ღონისძიების მონაწილეებმა პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლის დროსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.
საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამოვიდნენ. მათ სამხედრო პოლიციაში განხორციელებულ რეფორმებზე და შეიარაღებულ ძალების განვითარებაში სამხედრო პოლიციის როლზე ისაუბრეს. სამხედრო პოლიციის პირადი შემადგენლობა ეროვნული გვარდიის მთავარმა მოძღვარმა დალოცა, შემდეგ კი პოლიციის თანამშრომლებმა მოწვეული სტუმრებისთვის დაკავების ოპერაცია გაითამაშეს.
„სამხედრო პოლიცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია ჯარში. მათ მიმართ ნდობა ყველა სამხედრო მოსამსახურეს უნდა ჰქონდეს. სამხედრო პოლიციის სახით უნდა ჰყავდეთ მეგობარი, მხარდამჭერი. სამხედრო პოლიციის მთავარი ამოცანაა, შეიარაღებულ ძალებში ყველაფერი იყოს წესრიგში, აბსოლუტურად დაცული იყოს დისციპლინა. სამხედრო პოლიცია ასევე უზრუნველყოფს უსაფრთხოებას. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფუნქციებისა და როლის ადეკვატურად გაცნობიერება. სამწუხაროდ, სამხედრო პოლიციის თანამედროვე ისტორია არ არის მაინცდამაინც ყველაზე საამაყო ფურცელი ქართულ ჯარში. მეტსაც ვიტყოდი, ძალიან ხშირად, ყველაზე მსუყე პრეტენზიები რომელიც შეიარაღებული ძალების მიმართ მოგვისმენია, სწორედ, სამხედრო პოლიციას ეკუთვნის. წელიწადნახევრის განმავლობაში ყველანაირად შევეცადეთ, რომ შეგვეცვალა სამხედრო პოლიციის ინსტიტუციური წყობა და ფუნქციების განაწილება. ძალიან სერიოზული რეფორმა მიმდინარეობს, სამხედრო პოლიცია არის ნატო-საქართველოს ერთობლივი პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. ეს ყველაფერი უნდა გადალაგდეს ნატოს სტანდარტის სისტემაზე, გამოირიცხოს ძალაუფლების გადამეტების შესაძლებლობა“,– განაცხადა თინათინ ხიდაშელმა და აღნიშნა, რომ დღეს სამხედრო პოლიციის თანამშრომლები წინა წლების მსგავსად არ იქცევიან და ადამიანებს თავდაცვის სამინისტროს სარდაფებში არ აწამებენ.
გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ კი, სამხედრო პოლიციის როლი ამერიკელი სამხედრო პოლიციელების დევიზით ახსნა:
„მათი ფუნქციაა, აღადგინონ წესრიგი, სადაც დარღვეულია, შეინარჩუნონ, სადაც არსებობს და დაამყარონ იქ, სადაც არ არის. ეს დევიზი სრულად ასახავს კრედოს, რომელსაც უნდა ემსახურებოდეს სამხედრო პოლიცია. შეიარაღებული ძალები დისციპლინის გარეშე არის უმართავი, ძალიან საშიში ორგანიზმი. მეთაურს სამხედრო პოლიციის გვერდში დგომა სჭირდება როგორც საომარ ვითარებაში, ისე მშვიდობიანობის პერიოდში“.
სამხედრო პოლიციაში გატარებული რეფორმის შედეგზე გაამახვილა ყურადღება პოლკოვნიკმა სერგო ძაგნიძემ.
„ბოლო წლების განმავლობაში სამხედრო პოლიცია თვისობრივად შეიცვალა, დაიბრუნა თავისი ძირითადი ფუნქცია – შეიარაღებულ ძალებში დისციპლინის დაცვა და საბრძოლო დავალების შესრულება… სამხედრო პოლიციის წარსული ნამდვილად არ იყო ია-ვარდით მოფენილი. იყო ჩავარდნებიც, პოლიტიკური კონიუნქტურის გამო დანაშაულებრივი გადახრებიც და ეს კარგად იცის საზოგადოებამ. მსგავსი რამ სამხედრო პოლიციაში ვეღარ მოხდება, რადგან სისტემურმა ცვლილებებმა ამას წერტილი დაუსვა. დღეს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი შეიარაღებული ძალების ორგანული ნაწილია და აქტიურად ვმონაწილეობთ სხვადასხვა მისიებში“,- განაცხადა პოლკოვნიკმა სერგო ძაგნიძემ და აღნიშნა, რომ დღეს სამხედრო პოლიციის მიმართ საზოგადოება დადებითადაა განწყობილი.
სამხედრო პოლიციის დღის საზეიმო ღონისძიებას თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრნენ: ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა და კულტურის სფეროს ცნობილი წარმომადგენლები.
დღესვე ვაზიანში სამხედრო ტექნიკის გარდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ანალიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილის კახა ესებუას ნახატების გამოფენა მოეწყო. ღონისძიების ბოლოს კონცერტი გაიმართა, რომელსაც სამხედრო პოლიციის თანამშრომლები ოჯახის წევრებთან ერთად დაესწრნენ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი 2005 წელს სამხედრო კომენდატურის ბაზაზე შეიქმნა, რითაც საფუძველი ჩაეყარა სამხედრო პოლიციის, როგორც ინსტიტუციის განვითარებას. 2008 წლის აგვისტოში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის შეიარაღებული ძალების მხარდამხარ იბრძოდნენ. 2009 წლიდან სამხედრო პოლიცია ქართული კონტინგენტის შემადგენლობაში ჩაერთო ავღანეთის რესპუბლიკაში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში.
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი 2015 წელს გადაიდგა – სამხედრო პოლიცია გაძლიერდა საბრძოლო კომპონენტით და შეიქმნა აღმოსავლეთის და დასავლეთის ბატალიონები. სამხედრო პოლიციის ბატალიონების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტებული ქვედანაყოფები ღირსეულად ჩაერთნენ ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში.
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეები საბრძოლო ამოცანის შესრულებას 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფენ.