კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, ამერიკის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით, გელათის არქიტექტურული კომპლექსის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გელათის არქიტექტურული კომპლექსის სრული რეაბილიტაცია ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და გადარჩენის პროგრამის ერთ-ერთი მთავარი პროქტია. პროექტის ფარგლებში მთავარი ტაძრის გუმბათის ყელის ქვის კონსერვაცია და სრული გადახურვა თავდაპირველი მეთოდით და მასალით, უკვე დასრულებულია. მოჭიქული ფერადი კრამიტი გელათის არქეოლოგიური კვლევის დროს აღმოჩენილი ასლების მიხედვით არის დამზადებული. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის – გელათის მონასტრის სრული რეაბილიტაცია 2018 წელს დასრულდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან და იკომოსთან შეთანხმებით მიმდინარეობს.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის გელათის კომპლექსში აღდგენილია გელათის აკადემია, აღმოსავლეთის და დავითის კარიბჭე, სამრეკლო, წმ ნიკოლოზის ეკლესია და გაბრიელ ქიქოძის საეპისკოპოსო სასახლე.
გელათის მონასტრის ღვთისმშობლის შობის ტაძრის სამხრეთ კარიბჭეში აღმოიფხვრა მოხატულობის ბათქაშისა და ფერწერული ფენის დაზიანებები, კონსერვაცია ჩაუტარდა ფრაგმენტულად შემორჩენილ XIV საუკუნის კედლის მხატვრობასა და წმ. მარინეს ეკვდერის XV-XVI საუკუნის ფრესკებს.
გელათის რეაბილიტაციის სამუშაოებს „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“, „საქართველოს მემკვიდრეობა“, სამხატვრო აკადემიის რესტავრაცია კონსერვაციის ცენტრი და „იკორთა 2007“ ახორციელებს.