თავდასხმა მოხდა “რუსთავი 2”-ის გადამღებ ჯგუფზე. ელენე ფირცხალაიშვილს და მის ოპერატორს უცნობი პირები თავს მაშინ დაესხნენ, როცა ისინი ჩიორა თაქთაქიშვილისგან ინტერვიუს იღებდნენ. თავდამსხმელებმა მათ ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, სავარაუდოდ, თავდამსხმელის თანმხლები ქალბატონი მას დაუპირისპირდა და არ აძლევდა ტელეფონით ინციდენტის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის გადაღების საშუალებას.
რუსთავი 2 ის ინფორმაციით, შსს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125, ცემის მუხლით დაიწყო. სამართალდამცველებს ჩვენება უკვე მისცეს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის თანამშრომლებმა. კურიერის ინფრომაციით დაკითხვაზეა გადაყვანილი თავდასხმაში მონაწილე პირიც.
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ფიქრობს, რომ სახეზეა არა მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 125 მუხლის დარღვევა, რაც ცემას გულისხმობს, არამედ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელსშეშლა, რაც ასევე სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია.