ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინის დათვალიერებისას, სადაც ახმედ ჩატაევი იმყოფებოდა, ამოღებულია თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებული საბანკო ხელშეკრულება, სადაც ადგილობრივი საბანკო რეკვიზიტების გარდა, მითითებულია სამი უცხოური ქვეყნის საბანკო რეკვიზიტები, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.
სუს-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე თემირლან მაჩალიკაშვილის საბანკო ანგარიშების შემოწმება მიმდინარეობს.
„ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაკავებული შოაიფ ბორძიევის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთ-ერთი მობილური ტელეფონის დათვალიერებისას აღმოჩენილია თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებულ საბანკო ხელშეკრულებაზე გადაღებული ფოტო“, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირსა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციების საქმეზე ინფორმაცია და ვიდეომასალა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გაასაჯაროვა.