დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მთავარი პროკურატურის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.
როგორც „კვირას“ მაია ნიკოლეიშვილმა განუცხადა, ეროსი კიწმარიშვილის საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების დროს, ავტომანქანაში მეორე პირის დამადასტურებელი რაიმე კვალი არ აღმოჩნდა.
„სამედიცინო ექსპერტიზით და იმ ექსპერიმენტით, რომელიც რამდენიმე თვის წინ ეროსი კიწმარიშვილის ავტომობილში ჩავატარეთ, იქ მეორე პირის ყოფნის დამადასტურებელი რაიმე კვალი არ აღმოჩნდა, რამაც ჩვეულებრივ პირობებში, მეორე პირის ყოფნა იქ გამორიცხა. მეორე პირის ყოფნა გამოირიცხა, მანქანაში არსებული სისხლის კვალების გამო. მე ეს ინფორმაცია კიწმარიშვილის ოჯახის წევრებს მაშინვე ვუთხარი და დღესაც იგივეს ვამბობ,“, – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 15 ოქტომბერს გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახის წევრების მოთხოვნით ეროსი კიწმარიშვილის მანქანაში საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა. ექსპერიმენტის მიზანი იყო, რომ უნდა დაედგინათ, შეიძლებოდა, თუ – არა, მანქანაში მკვლელი ყოფილიყო და ისე გაესროლა, რომ სისხლის კვალი არ გადაეფარა. საბოლოოდ დაასკვნეს, რომ იქ არავინ მჯდარა. ექსპერიმენტში ექსპერტები – მაია ნიკოლეიშვილი და ზაზა ალთუნაშვილი მონაწილეობდნენ.
თავად გარდაცვლილის ძმა ზურაბ კიწმარიშვილი მაშინ მიიჩნევდა, რომ ექსპერტები ენთუზიაზმით არ მუშაობდნენ და უფრო უკეთ უნდა ემოქმედათ.
ცნობისათვის: მთავარმა პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დღეს გამოძიება შეწყვიტა. საქმეში არსებული მასალებისა და მტკიცებულებების საფუძველზე, პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბიზნესმენმა ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა.