გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. რუსთავში, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციაში წუხელ გვიან ღამემდე მიმდინარეობდა და დილიდან აქტიურად გაგრძელდა, შპს ,,ერთობის“ თანამშრომლების, სტამბოლის ბაზრობის მოვაჭრეებისა და მოწმეების გამოკითხვის პროცესი.
თავად ბაზრობაზე ვაჭრობა დილიდან შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. მოვაჭრეები, რომლებიც გამოკითხვაზე გუშინ გადაიყვანა პოლიციამ, კომენტარს არ აკეთებენ.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით, სამსონ ქუთათელაძის საქმის გამოძიებაში სპეციალური ჯგუფი ჩაერთო, რომელიც დაკომპლექტებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, ერთობლივი ოპერაციების ცენტრის, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტისა და ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომლებით.