გიორგი კვირიკაშვილმა იცის, საით წაიყვანოს მთავრობა, – ამის შესახებ “თიბისი ჯგუფის” პრეზიდენტმა მამუკა ხაზარაძემ სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
„მინდა, პირდაპირი მხარდაჭერა გამოვუცხადო გიორგი კვირიკაშვილს, პიროვნებას, რომელიც არის აბსოლუტურად მოტივირებული ჩვენი ქვეყნისთვის და ქვეყნის სამსახურში დგას. იცის, საით უნდა წაიყანოს მთავრობა. ვფიქრობ, დღეს კეკლუცობის დრო არ არის. ჩვენ გვჭირდება სტაბილური გარემო, ჩვენ გვჭირდება სერიოზული ხელმძღვანელი. ჩვენ მხარი უდნა დავუჭიროთ ამ ადამიანს და კრიტიკულები უნდა ვიყოთ“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
როგორც ხაზარაძემ ფორუმზე აღნიშნა, დღეს ვერავინ იტყვის, რომ კრიტიკული მოსაზრების გამო ვიღაც გაილანძღა ან დაისაჯა.
„დღეს ქვეყანას და ბიზნესს ჭირდება სტაბილური განვითარება. ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მივეჩვიოთ, დავაფიქსიროთ, სად ვდგევართ. თუ არ მოგვეწონება, შეგვიძლია შევიკრიბოთ და ხმამაღლა ვთქვათ, რომ ეს ასე არ ვარგა“, – აღნიშნა ხაზარაძემ.
მისივე თქმით, ბიზნესი და ხელისუფლება ხვალინდელ დღეზე უნდა იყვნენ ორიენტირებული.