ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ დაგროვებითი პენსიის რეფორმის მიმართ, მაღალი ინტერესი არსებობს და ისურვებდა, რომ ეს რეფორმა გაცილებით ადრე განხორციელებულიყო.
როგორც მან აღნიშნა, 2018 წლის ბიუჯეტში, ამ მიმართულებით, 80 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
“პირველ რიგში, მინდა ხაზი გავუსვა იმ მნიშვნელოვან ფაქტს, რომ ყველა წარმატებულ ქვეყანაში გატარდა საპენსიო რეფორმა. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ წარმატებულ ეკონომიკას, სადაც საპენსიო ფონდები არ ფუნქციონირებს. შესაბამისად, საქართველოსაც აქვს ეს ნაბიჯი გადასადგმელი. უფრო მეტიც, მე ვისურვებდი, რომ ეს განხორციელებულიყო გაცილებით ადრე. რაც შეეხება საბიუჯეტო კომპონენტს, ჩვენ 2018 წელს ბიუჯეტში, ამ მიმართულებით, 80 მილიონი ლარი გვაქვს გათვალისწინებული”,– განაცხადა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ საბაზისო პენსიის ზრდა 20 ლარით გაცხადებულია როგორც მთავრობაში, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამაში. 2019-2020 წელს ორ ეტაპად მოხდება საბაზისო საპენსიო განაკვეთის ზრდა.