მოსკოვში, წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში, მსახურებისთვის შესაძლოა, დროებით დეკანოზი მამა კახაბერი გაიგზავნოს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თავად დეკანოზმა კახაბერმა განუცხადა. საქართველოს საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილის, დეკანოზ კახაბერ გოგოტიშვილის განცხადებით, მოსკოვში ქართულ ენაზე წირვა–ლოცვის ჩასატარებლად რამდენიმე სასულიერო პირის კანდიდატურას შორის მისი კანდიდატურაც განიხილება, თუმცა ეს საკითხი ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.
„მე პატრიარქის მიერ ერთ–ერთ კანდიდატურად განვიხილები. ეს არ არის 100%–იანი გადაწყვეტილება. თუ დამტკიცდა ჩემი კანდიდატურა, თებერვლის მეორე ნახევარში შესაძლოა გავემგზავრო მოსკოვში, წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში იქ წირვა–ლოცვის ჩასატარებლად“, – განაცხადა მამა კახაბერმა.
მისივე თქმით, არქიმანდრიტი მირიან შენგელია, რომელიც მანამდე მოსკოვში, წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში მსახურებდა, ამჟამად თბილისში სამების საკათედრო ტაძარში მსახურებს.
დეკანოზისთვის უცნობია რატომ მოხდა არქიმანდრიტ მირიან შენგელიას საქართველოში დაბრუნება, რომელიც მანამდე აღნიშნულ ტაძარში სავარაუდოდ, ერთ წელზე მეტი მსახურებდა.