ექსპერტები ცემენტის ბაზარზე დიდ სკანდალს პროგნოზირებენ და არკვევენ, თუ რატომ დაინტერესდა „ქართულ ოცნებასთან“ დაპირისპირებული ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი ამ ბიზნესით და რატომ გადაწყვიტა პრემიერმა ღარიბაშვილმა გადადგომამდე რამდენიმე დღით ადრე ხელი მოეწერა პროექტისთვის, რომელიც მთავრობის სხდომაზე დაიბლოკა? – ამის შესახებ ვრცელ ანალიტიკურ სტატიას გაზეთი “ვერსია“ ავრცელებს.
ექსპერტების ანალიზზე დაყრდნობით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ცეზარ ჩოჩელმა ხელისუფლება შეცდომაში შეიყვანა, ხელში ჩაიგდო სახელმწიფო ქონება სიმბოლურ ფასად, რომელიც გაცილებით ძვირი ღირს და „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში შეღავათიან ორწლიან საბანკო სესხს მიიღებს. სხვაგვარად აბსოლუტურად აუხსნელია, რატომ ხარჯავს სახელმწიფო გადასახადის გადამხდელთა ფულს არარენტაბელური პროექტისთვის. ეს პროექტი რომ არარენტაბელურია და სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოსირში, აშენებული კლინკერის ქარხანაც და კოტიანეთის კირქვის საბადო რომ, შესაძლებელია, სახელმწიფოს დიდ თავის ტკივილად ექცეს, ამის შესახებ სენაკელებმა უკვე მიმართეს პრემიერ კვირიკაშვილს და სამთავრობო კომისიის შექმნაც მოითხოვეს.
საქმე ის გახლავთ, რომ სენაკში, სოფელ ნოსირში, კლინკერის ცემენტის ქარხნის მშენებლობა იწყება. „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, მთავრობამ ინვესტორს 1 ლარად, 263 265 კვ/მ ფართი გადასცა, რომლის ღირებულება 2 216 852 ლარია. საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით, „ქართული სამშენებლო მასალების კომპანიამ“ 8 867 408 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს. ქარხანას ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის „ქართული სამშენებლო მასალების კომპანია“, ასევე „აზიურ-აფრიკული მენეჯმენტის კომპანია“ და „ჰუალინგ ჯგუფი“ ააშენებს. ოფიციალური ინფორმაციით, ამ პროექტის საინვესტიციო ღირებულება 100 მილიონი აშშ დოლარია.
ექსპერტებთან საუბრის შედეგად გამოვლინდა შემდეგი სურათი: ცემენტის მთლიანი ბაზრის მოცულობა საქართველოში, 1750000 ტონაა. აქედან დასავლეთ საქართველოს ბაზარზე დაახლოებით, 500 000 ტონა ცემენტი მოდის. ისტორიულად, ქართული ცემენტის სექტორი კონცენტრირებული იყო აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც „ჰაიდელბერგცემენტი“ ბაზრის აშკარა დომინანტია. მარტო „ჰაიდელბერგის“ საწარმო სიმძლავრე აღმოსავლეთ საქართველოში, 1 400 000 ტონამდეა. გარდა ამისა, ცემენტის ბაზრის გარკვეული წილი საშუალო და მცირე ზომის ცემენტის საამქროებსაც უჭირავთ, რომლებიც კლინკერს „ჰაიდელბერგისგან“ ყიდულობენ. შესაბამისად, საქართველოს ცემენტის ბაზარი უკვე გაჯერებულია. ანალოგიური ვითარებაა კლინკერის ცემენტის შემთხვევაშიც. „ჰაიდელბერგის“ კლინკერის წარმოება ბაზრის მოთხოვნას აღემატება. ამ პრობლემის გადაჭრა ადრე შესაძლებელი იყო ქართული პროდუქციის აზერბაიჯანში ექსპორტით, მაგრამ დღეს სიტუაცია შეიცვალა. აზერბაიჯანში ბაზრის დიდი წილი უჭირავს ცემენტის წარმოებაში მსოფლიო გიგანტ კომპანია „ჰოლციმს“. 2013 წლიდან, აზერბაიჯანში „ნორმცემენტმა“ დაიწყო ოპერირება, რომლის დადგმული სიმძლავრე 1 600 ტონა კლინკერი და 2 მილიონი ტონა ცემენტია წელიწადში. ასევე საქართველოს საზღვართან გაიხსნა აკორდ ცემენტის ქარხანა.
დასავლეთ საქართველოს ბაზრის მოცულობა, დაახლოებით 500 000 ტონა ცემენტია. ბაზრის მნიშვნელოვანი წილი, ძირითადად, თურქეთიდან იმპორტირებულ ცემენტს და „ჰაიდელბერგს“ უჭირავს. თურქეთიდან დაახლოებით, 184 000 ტონა ცემენტის იმპორტი ხორციელდება. რაც მთავარია, ცემენტის ბაზარზე „ჰაიდელბერგის“ აქტივობა დღითიდღე იზრდება. კომპანიამ უკვე შეიძინა „კავკაზ ცემენტის“ ქარხანა, რომელიც ფოთში მდებარეობს. ამ ქარხნის დადგმული სიმძლავრე 200 000 ტონა ცემენტია წელიწადში. მალე დასავლეთ საქართველოში გაიხსნება ახალი ცემენტის ქარხანა, რომელიც აშენდა მსოფლიო მასშტაბის ფრანგული კომპანია „ლაფარჟის“ თანამონაწილეობით და შედეგად დასავლეთ საქართველოს ბაზარს დამატებითი 350 000 ტონა ცემენტის მოცულობა შეემატება.
მართალია, ცეზარ ჩოჩელი აცხადებს, რომ ახალი ქარხანა ექსპორტზე იმუშავებს, მაგრამ ეს პერსპექტივაც უსაფუძვლოა და სრული ბლეფია, რადგან ჯერ ერთი, ქარხანა მდებარეობს სანაოსნო პორტებიდან შორს, რაც ეკონომიკურად მომგებიანი არ არის და მეორე – ექსპორტის ბაზარზე მთავარი დომინანტი თურქეთია შავი ზღვის აკვატორიაში მდებარე მრავალი ქარხნით და მასაც კი უჭირს ცემენტის გატანა. შესაბამისად, არსებული სიმძლავრეების ათვისება ვერ მოხდება და ინვესტორი იძულებული იქნება, ისევ ქართული ბაზარი აითვისოს, რაც კიდევ ერთი დარტყმა იქნება ინდუსტრიის კონკურენტუნარიანობისთვის.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ცეზარ ჩოჩელმა სოციალური ფონით სპეკულირებით მთავრობა შეცდომაში შეიყვანა. თუ სახელმწიფო ინვესტიციის სპეკულაციურ პროექტში ჩადებს, ეს შანსს მოუსპობს მრავალ ქართველ მეწარმეს, მოახდინონ არსებული რესურსის რეალურად მომგებიან პროექტებში ინვესტიცია და ხელი შეუწყონ ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკის განვითარებას.
გაზეთი „ვერსია“