თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის რებრენდინგი გაზაფხულზე დასრულდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მშენებლობებზე დარღვევების შემთხვევაში სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე იმსჯელეს.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მისი მერობის პირველივე დღიდან ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ზედამხედველობის სამსახურის გააქტიურებაა.
“ჩვენ ვგეგმავთ ზედამხედველობის სამსახურის რებრენდინგს და ამ პროცესს გაზაფხულზე დავასრულებთ. მგონია, რომ სამსახური, რომელიც ამ მიმართულებით იმუშავებს, იქნება წარმატებული და მკაცრი კანონის ფარგლებში”, – განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება იმას, რომ მშენებლობაზე პირველივე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ჯარიმა 30 000 ლარი გახდება და რა ტიპის დარღვევებზეა საუბარი, კახა კალაძის განცხადებით, საუბარია ნებისმიერი ტიპის დარღვევაზე, “მაგალითად, ჩაფხუტის არ დახურვის გამოც 30 000 ლარით გამოეწერებათ ჯარიმა”.
“ჩვენ როცა გვქონდა შეხვედრა მენაშენეთა ასოციაციასთან, მშენებლებს ვუთხარით, რომ თვითონ უნდა იყვნენ დაინტერესებულები. თვითონ მუშებმაც, რომლებსაც ხელშეკრულებას უფორმებენ, უნდა იცოდნენ, რა სანქციების მოჰყვება უსაფრთხოების დაუცველობას”, – განაცხადა კალაძემ.