ერდოღანს ბავშვზე ძალადობისა და სიკვდილსკენ მოწოდებისთვის აკრიტიკებენ
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მწვავედ გააკრიტიკეს ას შემდეგ, რაც სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პატარა გოგოს უთხრა, რომ მისთვის პატივი იქნება, სამხედრო მოქმედების დროს რომ დაიღუპოს. “ის რომ ეწამოს, მას დროშას გადააფარებენ”, – უთხრა მან ატირებულ ბავშვს ანკარაში კონგრესთან შეხვედრის დროს.
სიტყვით გამოსვლა “ბავშვების მიმართ სასტიკ” მოპყრობად შეაფასეს. სცენაზე ერდოღანი სირიის ქალაქ აფრინში ქურთების წინააღმდეგ ბრძოლაზე ლაპარაკობდა, რასაც მხურვალე აპლოდისმენტებით შეხვდნენ.
21 იანვარს თურქეთმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, აფრინის რაიონში ტანკები შეიყვანა, სადაც ქურთების პოზიციებია. მანამდე თურქეთის ავიაციამ აფრინის რაიონში ქურთთა პოზიციები დაბომბა.
15 იანვარს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სირიის სასაზღვრო ძალებს ტერორისტული არმია უწოდა და აღნიშნა, რომ სრულ დაკომპლექტებამდე აღნიშნულ სამხედრო ფორმირებას თურქეთი გაანეიტრალებს.
20 იანვარს, თურქეთის ავიაციამ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, აფრინის რაიონში ქურთთა პოზიციები დაბომბა. თურქეთის ავიაციამ 108 სამიზნე ობიექტზე მიიტანა იერიში, მათ შორის, აეროდრომზე, რომლითაც აშშ ქურთებს იარაღით ამარაგებდა.
22 იანვარს, ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის შეირაღებული ძალები აფრინში ოპერაციას უახლოეს დროში დაასრულებენ.
წყარო:იმედი ნიუსი
