წინ ძალიან საპასუხისმგებლო არჩევნები გველის, პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ წელს პირველად იღებს დამოუკიდებლად მონაწილეობას არჩევნებში და ყველა რესურსი აქვს საიმისოდ, რომ მთელი შემართებით, განახლებული გუნდით და ენერგიით, კონკრეტული მიზნებით და მკაფიო ხედვებით წარდგეს ამომრჩევლის წინაშე და მოიგოს ეს არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, „ყველამ ერთად, ამომრჩეველს, ჩვენს მხარდამჭერს კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ, რომ ვართ ის პოლიტიკური გუნდი, რომელსაც შესწევს ძალა, ღირსეულად მართოს ჩვენი ქვეყანა, რომ „ქართული ოცნება“ ძლიერი და პროგრესული, ევროპული ღირებულებების მატარებელი და დემოკრატიული პრინციპების ერთგული პარტიაა, რომელსაც სწორი გზით მიჰყავს ქვეყანა და, რომელსაც ალტერნატივა არ გააჩნია“.
„დარწმუნებული ვარ, პარტიის თითოეული წევრი, განსაკუთრებით თქვენ, ახალგაზრდები თავს არ დაზოგავთ და იბრძოლებთ არჩევნებში იმ პარტიის გამარჯვებისთვის, რომელსაც ენდობა ჩვენი ხალხი და სჯერა, რომ ,,ქართული ოცნების“ ყველა ნაბიჯი ჩვენი სამშობლოს სიძლიერეს ემსახურება. ,,ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს და ამის რწმენას მაძლევს თქვენი ანთებული სახეები, იმედით სავსე თვალები. ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.