ეს ინფექციური დაავადება იმდენად მომაკვდინებელი და იდუმალებით მოცულია, რომ მის შესახებ არაფერი ვიცით. ცნობილია მხოლოდ ის, რომ შეიძლება, იგი შემდეგი გლობალური ეპიდემია გახდეს. ამის შესახებ გაერო-ს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტები იუწყებიან.
კოდური სახელწოდებით ცნობილი „დაავადება X“ იდუმალი პათოგენია, რომელიც აქამდე არავის აღმოუჩენია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მისგან მოსალოდნელი საფრთხე თითქმის გარდაუვალია, მოხვდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის „ყველაზე სახიფათო სიაში“ — იმ პოტენციურ სამომავლო დაავადებათა კატალოგში, რომელთა გასანეიტრალებელი საშუალებებიც არადამაკმაყოფილებელია ან საერთოდაც არ არსებობს.
მაგრამ საინტერესოა, როგორ შეიძლება საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის ასეთ საფრთხედ მივიჩნიოთ დაავადება, რომელიც ჯერ არც კი გამოვლენილა?
საუკეთესო გზა მასზე წარმოდგენის შესაქმნელად ისაა, რომ „დაავადება X“ ფლობს გადადების ისეთ შანსს, რომელსაც ჯერ არ შევხვედრივართ, მაგრამ მისი არსებობა სინამდვილეში შესაძლებელია. ის არის ე. წ. ცნობილი უცნობი. WHO-ს განცხადებით, საჭიროა სერიოზული მომზადება. სწორედ ამიტომ, ეს იდუმალი დაავადება უკვე შეტანილია ორგანიზაციის დაავადებათა პრიორიტეტების R&D Blueprint სიაში.
„დაავადება X წარმოადგენს აღქმას, რომ ამჟამად უცნობმა პათოგენმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული საერთაშორისო ეპიდემია“, — განმარტავს სპეციალურ განცხადებაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.
R&D Blueprint სია პირველად 2015 წელს გამოქვეყნდა და მას შემდეგ, ყოველწლიურად გადაიხედება. როგორც WHO განმარტავს, ამ სიის მიზანია იმ მოწინავე განვითარებადი პათოგენების პრიორიტეტიზაცია, რომლებმაც შეიძლება ახლო მომავალში სასტიკი ეპიდემიები გამოიწვიოს და რომელთათვისაც, ჯერ არ არსებობს მედიკამენტები.
სიას ბოლოს თებერვალში გადახედეს. ექსპრტები შეთანხმდნენ, რომ მკვლევართა ყურადღება სასწრაფოდ ესაჭიროება შემდეგ დაავადებებს: ყირიმ-კონგოს ცხელება (CCHF); ებოლასა და მარბურგის ვირუსული დაავადებები; ლასას ცხელება; ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის კორონავირუსი (MERS-CoV) და მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS); ნიპაჰისა და ჰენიპავირუსის დაავადებები; ხეობის ველის ცხელება (RVF) და ზიკას ვირუსი.
წელს WHO-მ სიას პირველად დაამატა „დაავადება X“. იქვე აღნიშნულია, რომ მაღალი ალბათობით, სიას მალე შესაძლოა დაემატოს კიდევ ერთი პათოგენი. ყოველივე ამან კი უნდა გაზარდოს მოახლოებული, უცნობი საფრთხის წინააღმდეგ მიმართულ კვლევათა ძალისხმევა.
„ისტორიული გამოცდილება ნათლად გვეუბნება, რომ შემდეგი დიდი ეპიდემია იქნება რაღაც ისეთი, რაც მანამდე არ გვინახავს“, — უთხრა The Telegraph-ს ნორვეგიის კვლევითი საბჭოს წევრმა და WHO-ს მრჩეველმა ჯონ-არნ როტინგენმა.