„გიორგი კვირიკაშვილი იქნება პოლიტსაბჭოს წევრი. მას აბარია ქვეყანა, არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მე მგონი, დამატებით ფუნქციები არ სჭირდება ამ ყველაფერს“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
პოლიტსაბჭომ დღევანდელ სხდომაზე პარტიის თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. კვირიკაშვილი პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში იქნება.
„ბუნებრივია, რომ ბიძინა ივანიშვილთან იყო კონსულტაციები პოლიტსაბჭოს კანდიდატების შერჩევის დროს, რადგან ის ყრილობამ უნდა დაამტკიცოს პარტიის ხელმძღვანელად, ამიტომ ამაში უჩვეულო არაფერი არ არის. ახალ შემადგენლობაში არ არის წარმოდგენილი არც ერთი კომიტეტის თავმჯდომარე. გარკვეული პრინციპი იყო შეთანხმებული, რომ იქნებოდა პარლამენტიდან სპიკერატი, ასევე, ფრაქცია „ქართული ოცნება“, ამიტომ მე და ჩემი ორი მოადგილე ვართ პოლიტსაბჭოში. ასევე, გადავწყვიტეთ, ერთ-ერთი ფრაქციის ხელმძღვანელი და ორი მინისტრი ყოფილიყო პოლიტსაბჭოში“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ახალი პოლიტსაბჭოს დაკომპლექტების პრინციპს ძველი პოლიტსაბჭოს ყველა წევრმა დაუჭირა მხარი.
მდინარაძის თქმით, პარტიის შიგნით იყო ლოკალური პრობლემები, თუმცა ახლა პრობლემა ამოწურულია.