საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი, კახა კახიშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ჰოვიკ აბრაჰამიანს შეხვდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო სამეზობლო პოლიტიკის საკითხებს, საქართველოში და სომხეთში ბოლო წლებში განხორციელებულ ცვლილებებს როგორც მმართველობის სფეროში, ასევე კონკრეტული დარგების მიხედვით.
კახა კახიშვილმა ჰოვიკ აბრაჰამიანს საქართველოში სასჯელაღსრულების პოლიტიკა, განხორციელებული რეფორმები და პატიმართა მიმართ სახელმწიფოს ზრუნვის სტრატეგია გააცნო.
მინისტრის თქმით, საქართველოში ახალი ხელისუფლების პირობებეში, ამ კუთხით მიდგომა მთლიანად შეიცვალა და სახელმწიფოს პრიორიტეტი სასჯელის აღსრულების პროცესში, არა მსჯავრდებულთა მიმართ სადამსჯელო პოლიტიკა, არამედ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია გახდა, რაც განმეორებითი დანაშაულის პრევენციას და მსჯავრდებულის საზოგადოებაში სრულფასოვან წევრად დაბრუნებას უწყობს ხელს.
კახიშვილმა სომხეთის პრემიერთან პენიტენციისა და პრობაციის სფეროების მიმართულებით, საჭიროების შემთხვევაში, ქართული გამოცდილების გაზიარების კუთხით მზადყოფნა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.
კახა კახიშვილი, რომელიც ერევანში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დელეგაციასთან ერთად იმყოფება, სომხეთის იუსტიციის მინისტრს არპინე ოვანისიანს და იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელს არტურ ოსიკიანსაც შეხვდა.
სამინისტროს ცნობით, მინისტრმა მათ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
სომხეთის მხარე პრობაციის სისტემის, ასევე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის სტრუქტურითა და მუშაობით დაინტერესდა, ვინაიდან სომხეთში პენიტენციური ჯანდაცვის პერსონალი უშუალოდ პენიტენციურ დეპარტამენტს ექვემდებარება, ამავე დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია პრობაციის სფეროც.
მათ გამოცდილების გაზიარების სურვილი დააფიქსირეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის მუშაობასთან დაკავშირებით.
საქართველოს პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში არსებული ვითარების ადგილზე შესწავლის და გაცნობის მიზნით, სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრმა სომხეთის იუსტიციის მინისტრი და პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი საქართველოში მოიწვია.