საქართველოს პრემიერმინისტრმა დაასრულა სამუშაო ვიზიტი აშშ-ში. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უაღრესად მნიშვნელოვანი ვიზიტისას ღიად და საგნობრივად განიხილეს ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების დღის წესრიგის ყველა საკითხი.
“ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან და კოლეგებთან გვქონდა ძალიან ღია, საგნობრივი განხილვა აბსოლუტურად ყველა საკითხისა, რომელიც ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობების დღის წესრიგში დგას. ორშაბათს დავიწყეთ სახელმწიფო მდივანთან ერთად სტრატეგიული პარტნიორობის ორმხრივი კომისიის პლენარული სხდომის გახსნით. ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მკაფიო, არაორაზროვანი მხარდამჭერი მესიჯები მაიკ პომპეოს მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ასევე – ნატოში გაწევრიანების ძალიან მკაფიო მხარდამჭერი მესიჯები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ ვუახლოვდებით ნატოს ივლისის სამიტს ბრიუსელში.
ასევე, გვქონდა ძალიან მრავალმხრივი, დეტალური დისკუსია კონკრეტულად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ვეს მიტჩელთან. განვიხილეთ სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგი, ვისაუბრეთ აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობაზე და საჭირო მხარდაჭერაზე იმისათვის, რომ ჩვენ მივუახლოვდეთ სავაჭრო წარმომადგენელთან ამ საკითხის კონკრეტულ განხილვას.
გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები კონგრესში, სენატში. ჩვენ დღეს, ამერიკელ მეგობრებთან ერთად, მშვიდობის ინსტიტუტში ვზეიმობთ ჩვენი პირველი რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს.
რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი შეხვედრა შედგა ვიცეპრეზიდენტ პენსთან, რომელთანაც ჩვენ აბსოლუტურად ყველა საკითხი განვიხილეთ. განვიხილეთ ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების საკითხები, აშშ-სთვის პრიორიტეტული თემები, ჩვენი თანამშრომლობის ასპექტები. ჩვენ ვართ აშშ-ის უახლოესი პარტნიორი ჩვენს რეგიონში და ვიცე-პრეზიდენტისგან მოვისმინეთ ძალიან მკაფიო მხარდამჭერი მესიჯები, რაც ჩვენთვის, უაღრესად, მე ვიტყოდი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ეს ასევე არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა საქართველოს მხარეზე, რომ ჩვენ ამ პარტნიორობაში ჩვენი ქვეყნისთვის მაქსიმალურად მაღალი თამასა ავიღოთ და ჩვენი ხელისუფლება ამისთვის აბსოლუტურად მზად არის.”- თქვა კვირიკაშვილმა.