მე გამოვრიცხავ ხელისუფლების მხრიდან ყველანაირ ზეწოლას “რუსთავი 2”-ის მიმართ, მედია არის თავისუფალი, მაგრამ თუ ვამბობთ, რომ გიორგი გაბუნიას აქვს თავისი სიტყვის თავისუფლება, საპატრიარქოს და ასევე მის წარმომადგენლებს შეიძლება ჰქონდეთ თავიანთი აზრის გამოხატვის უფლება და ეს გამოხატვაც არის გარანტირებული ჩვენი კანონმდებლობით, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით საპატრიარქოს განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გამოხატვის თავისუფლებაზე თუ ვსაუბრობთ, როგორც ერთ, ასევე მეორე მხარესაც აქვს საკუთარი გამოხატვის თავისუფლება და ის კონსტიტუციით გარანტირებულია.
“სიტყვის და მედიის თავისუფლება ჩვენი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და დემოკრატიის უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედია, თუმცა მგონია, რომ ჩვენ, ჩვენი სიტყვის თავისუფლება უნდა გამოვიყენოთ იმგვარად, რომ არ მიეცეს ამას საზოგადოებაში სხვადასხვა ჯგუფის დაპირისპირების სახე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი ქვეყანა უნდა იყოს ერთიანი იმიტომ, რომ პატარა ვართ და არ გვაქვს უფლება ერთმანეთს დავუპირისპირდეთ”, – განაცხადა სოფიო კილაძემ.
საპატრიარქო მოუწოდებს ხელისუფლებას, გადადგას ქმედითი და სწრაფი ნაბიჯები, რათა ქვეყანა არ დადგეს უმართავი პროცესების განვითარების საშიშროების წინაშე. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში გასულ სიუჟეტებსა და ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას განცხადებებს ეხება. საპატრიარქო ასევე მიმართავს სამღვდელოებას და დიპლომატიურ კორპუსს.
სოფიო კილაძე – გამოვრიცხავ ხელისუფლების მხრიდან ყველანაირ ზეწოლას “რუსთავი 2”-ის მიმართ
2018/05/25 15:27:48

კომენტარები
ნანახია: 879 ჯერ