საქართველოს პრეზიდენტი ორმაგი მოქალაქეობის მიღების წესების გამარტივებას მიესალმება. ამ თემაზე გიორგი მარგველაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის პარლამენტში ორმაგი მოქალაქეობის მიღების წესების გამარტივებაზე მსჯელობა მიმდინარეობს და იგი ამ ნორმების ლიბერალიზაციას მიესალმება.
„როდესაც პროცედურა დადგენილია ორმაგი მოქალაქეობის და იქ რაღაც პროცედურული პროცესებია გასავლელი, ეს ბუნებრივად ანელებს ამ პროცესსა და თუ იქნება, ასე ვთქვათ, უფრო ლიბერალური მიდგომა ამ საკითხისადმი და თქვენი ორმაგი მოქალაქეობის თაობაზე პროცედურები არ იქნება იმ რთული პროცესით გასატარებელი, რომელიც ახლა არის განსაზღვრული, ჩემთვის ეს იქნება მხოლოდ სასიხარულო და მე მხარს დავუჭერდი და მივესალმები რაც შეიძლება სწრაფად ამ კანონის მიღებას“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.