მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი კობა ბუჩუკურის ინტერვიუ გაზეთ “ვერსიასთან”. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.
-2004 წელს, როცა მოლაშვილი დაიჭირეს და აწამეს, ხელისუფლებაში მხოლოდ სააკაშვილი კი არა, ჟვანიაც იყო და ბურჯანაძეც. ჰოდა, პასუხისმგებლობას მხოლოდ მიშას რატომ აკისრებთ?
– დიახ, პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთ კაცზე – მიხეილ სააკაშვილზეა. დღეს მმართველობა სხვა ფორმატშია, მაშინ კი პრეზიდენტი ანუ სააკაშვილი უზომო ძალაუფლების მატარებელი იყო და მისი ნების გარეშე არავის იჭერდნენ.
– შეიძლება, მაგრამ როცა მოლაშვილის წამება გახმაურდა, პირადად თქვენ რატომ არ გააპროტესტეთ?
– იმხანად ვინმესგან რამეზე პროტესტი გახსოვს? ხელბორკილდადებულ ჩინოვნიკებსა თუ არაჩინოვნიკებს საკნისკენ პირდაპირ ეთერში მიარბენინებდნენ და რომელიმე ასეთი ფაქტი ვინმეს გაუპროტესტებია? აქ უშველებელი შიშის სინდრომი მუშაობდა…
– ჟვანია-ბურჯანაძე ქვეყნის მეორე-მესამე პირები იყვნენ და, არ გამაგიჟოთ, რისი ეშინოდათ?
– ისინი ხელისუფლებაში ჩაბმულნი იყვნენ. ჩვენ კი, ხელისუფლების საშუალოს ვინ ჩივის, დაბალი საფეხურიდანაც გაწეულები ვიყავით… მოლაშვილის ტრაგედიაში პასუხისმგებლობას პირადად საკაშვილს იმიტომ ვაკისრებ, რომ სულხანის დასჯა მისი მოთხოვნა იყო. ვანო, არ გახსოვს, მოლაშვილის დაჭერის მერე როგორი ზარზეიმი და ყიჟინა იყო? სააკაშვილი პირდაპირ აცხადებდა, ვიდრე ბოლო კაპიკს, რაც ხალხს წაართვა, არ დააბრუნებს, მოლაშვილი ციხიდან ვერ გამოვაო. ეს სააკაშვილის პირადი აგრესია და ანგარიშსწორება იყო!
– სააკაშვილი მოლაშვილს რას ერჩოდა?
– იმას ერჩოდა, რომ თავისზე ძლიერ, ინტელექტუალურ და ავტორიტეტულ პიროვნებას ვერ ეგუებოდა! მას გაუთვითცნობიერებლი მოთხოვნა ჰქონდა, რომ ერთპიროვნული მმართველი უნდა ყოფილიყო!
“ვერსია”