ზაზა სარალიძის ტრაგედია ერთი ადამიანის ტრაგედია არაა, ესაა სახელმწიფოს ტრაგედია, თითოეული მოქალაქის ტრაგედია და სამართლის ძიებაში სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ზაზა სარალიძეს, – განაცხადა ფრაქცია “ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკის” თავმჯდომარემ ილია წულაიამ.
„მინდა გამოვეხმაურო დღევანდელ სასამართლოს გადაწყვეტილებას. ჩვენ პირველ რიგში ვართ მშობლები, მამები, ჩვენ ვუთანაგრძნობთ და გვერდით ვუდგავართ შვილმოკლულ მამას. ჩვენ მასთან ერთად ვითხოვთ სრულყოფილ გამოძიებას! ამ ადამიანს, ამ საზარელი მკვლელობით შეძრულ საზოგადოებას ეკუთვნის ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა, პირველ რიგში ჩვენ – მოსახლეობამ, პარლამენტარებმა, მთავრობამ, ნებისმიერმა ადამიანმა უნდა დავინახოთ, რომ სამართალი და კანონი ამ ქვეყანაში არსებობს და არის უზენაესი. ის, რომ ადამიანი თავისი ტკივილით მარტო არაა და პოლიტიკა, ნებისმიერი თანამდებობა მეასეხარისხოვანია, როცა ადამიანის სიკვდილზე, ახალგაზრდებზე და კანონზეა საუბარი. ზაზა სარალიძის ტრაგედია ერთი ადამიანის ტრაგედია არაა, ესაა სახელმწიფოს ტრაგედია, თითოეული მოქალაქის ტრაგედია და სამართლის ძიებაში სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ზაზა სარალიძეს. მე პირადად და ჩვენი ფრაქცია სრულად ეთანხმება, რომ უნდა შეიქმნას საპარლამენტო საგამოძიებო კომისია და თუ დადასტურდება, რომ საქმე არასათანადოდ არის გამოძიებული, უნდა დადგეს შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი“, – განაცხადა ილია წულაიამ.