მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძის საქმის განხილვა სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით დასრულებულია. ბრალდებულმა საბოლოო სიტყვა თქვა, რის შემდეგაც ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად გავიდნენ.
მოსამართლემ მსაჯულებს განუმარტა, რომ ვალდებული არიან მხოლოდ ფაქტებიდან გამომდინარე დაადგინონ მკვლელობა პაპიძემ ჩაიდინა თუ არა.
“პირადმა სიმპათიებმა და ანტიპატიამ გავლენა არ უნდა მოახდინოს და გადაწყვეტილება სამართლებრივად უნდა მიიღოთ. მტკიცებულებებს უნდა დაეყრდნოთ, რომელიც კანონიერადაა მოპოვებული. ირიბი მტკიცებულების სანდოობის ხარისხი ნაკლებია. აუცილებელია, ირიბი ჩვენება სხვა ისეთი მტკიცებულებებით დასტურდებოდეს, რომელიც პირდაპირია. ირიბ მტკიცებულებებს არ უნდა დაეყრდნოთ. ვალდებული ხართ მიიღოთ სამართლიანი გადაწყვეტილება. თქვენ ფიცი დადეთ. უფროსი მსაჯული უხელმძღვანელებს თათბირს. ხელს მოაწერს ვერდიქტს და გამოაცხადებს მას. სათადარიგო მსაჯს კენჭისყრაში მონაწილეობა და გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია. სათათბირო ოთახში ყოფნის უფლება არავის აქვს. ნუ შეგეშინდებათ აზრის შეცვლის, თუ დისკუსიის შემდეგ სისწორეში დარწმუნდებით“,-განუმარტა მოსამართლე ემა გაბრიჩიძემ მსაჯულებს.
კანონის თანახმად, ნაფიც მსაჯულებს თავდაპირველად სამსაათიანი ვადა მიეცემათ და აღნიშნულ პერიოდში მათ ბრალდებულის გამართლების ან გამტყუნების გადაწყვეტილება ერთხმად უნდა მიიღონ. თუკი გადაწყვეტილება ერთხმად არ იქნება მიღებული, მოსამართლე მათ 6 საათიან ვადას მისცემს და ამ ვადაში ვერდიქტი ხმათა უმრავლესობით უნდა იყო მიღებული. კერძოდ, 12 ნაფიცი მსაჯულის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ შემთხვევაში, თუკი 8 ნაფიცი მსაჯული ერთი ვერდიქტის მომხრე იქნება. თუ გადაწყვეტილება ამ შემთხვევაშიც არ იქნება მიღებული, მოსამართლე ნაფიც მსაჯულებს დამატებით 3 საათიან ვადას მისცემს, რათა ხმათა იგივე რაოდენობით იყოს მიღებული გადაწყვეტილება.