პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ვანო ზარდიაშვილის შესაძლო კანდიდატად დასახელებას გამორიცხავს. დავით მათიკაშვილის განცხადებით, არ შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვანო ზარდიაშვილმა შესაძლოა მთავარი პროკურორის პოსტი დაიკავოს.
„გამოვრიცხავ ვანო ზარდიაშვილის წარდგენას მთავარი პროკურორის პოსტზე. ეს არის „რუსთავი 2“-ის აბსურდული განცხადება. აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს და მიზანმიმართულ კამპანიას ჰგავს. პირველ რიგში, ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებს, უნდა გაარკვიოს, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ესა თუ ის კანდიდატი იმისთვის, რომ მთავარი პროკურორის თანამდებობაზე იყოს წარდგენილი. უნდა ჰქონდეს ხუთწლიანი მუშაობის გამოცდილება შესაბამის სამართალდამცავ სტრუქტურაში, უნდა იყოს სისხლის სამართლის ადვოკატი ან სისხლის სამართლის გამორჩეული სპეციალისტი. ეს განცხადება არის სრული აბსურდი და არ შეესაბამება სიმართლეს. მე მოვუწოდებ ყველას, მოერიდოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა, რომლის კომენტარს საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
დავით მათიკაშვილი – გამოვრიცხავ ვანო ზარდიაშვილის წარდგენას მთავარი პროკურორის პოსტზე
2018/05/31 22:24:44
კომენტარები
ნანახია: 804 ჯერ