რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ზვიად კუპრავაა. ზაზა სარალიძის თქმით, კუპრავა მისი ოჯახის ახლობელია.
კუპრავამ აქციის მსვლელობისას, არაერთხელ მოითხოვა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების გადადგომა.
ზვიად კუპრავა, რომელიც „სამართალდამცველთა რეფორმების“ ცენტრის დამფუძნებელია და უფლებადამცველად პოზიციონირებს, 2007-2013 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროში პატრულის პოზიციაზე მუშაობდა. 2013 წელს ის პოლიციიდან დაითხოვეს, რაც გააპროტესტა და დახმარებისთვის იმ დროს უკვე უფლებადამცველი გოგა ონიანის არასამთავრობო ორგანიზაციას მიმართა. მოგვიანებით, როდესაც გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გოგა ონიანი თავად დააკავეს ზვიად კუპრავა მის მხარდამჭერ კამპანიაში ყოფილ სამართალდამცველებთან, ირაკლი ფირცხალავასთან, ზაზა და თენგიზ ჭაიებთან, ბაჩო ახალაიასთან და სხვებთან ერთად მონაწილეობდა.
1 ივნისს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარლამენტის წინ, ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად და აქციის მონაწილეებთან სიტყვით მისამართად მივიდა, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ზაზა სარალიძემ ხალხს პრემიერის მოსმენისკენ მოუწოდა, თუმცა კუპრავამ შეკრებილებს ჟესტიკულაციით საპირისპირო ანიშნა და პრემიერს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა.
ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, კუპრავას მონაწილეობით, 2011 წლის 26 მაისს გადაღებული კადრებიც გავრცელდა.
ზაზა სარალიძე თბილისში, პარლამენტის წინ აქციას მესამე დღეა მართავს. აქციის დაწყების გადაწყვეტილება ხორავას ქუჩაზე მოკლულის მამამ მას შემდეგ მიიღო, რაც საქალაქო სასამართლომ მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა.
31 მაისვე, დღის პირველ ნახევარში, საგანგებო პრესკონფერენცია გამართა მთავარმა პროკურორმაც და ამ საქმეზე პროკურატურის პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა. დღის მეორე ნახევარში კი მთავარმა პროკურორმა თანამდებობა დატოვა.
მკვლელობის საქმეზე პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო კომისია შექმნა.
საგანგებო ბრიფინგი გამართა პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიბრუნებს გამოძიებაში და მას პირადად გიორგი გახარია უხელმძღვანელებს.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
წყარო: იმედინიუსი