დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეებისთვის ხელფასის 45%-ით გაზრდა შეუძლებელია. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი განმარტებით, ის ფაქტი, რომ მემანქანეები დღეს, საღამოს გაფიცვას გეგმავენ, შანტაჟის ენით საუბარს ნიშნავს. „ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით საკმაოდ კარგად ავხსენი, რომ დღეს შეუძლებელია ამაზე საუბარი. ყველაფერი ღიად, გამჭვირვალედ არის. ვიცით, რომ „სატრანსპორტო კომპანია“ ყოველწლიურად დაახლოებით 16 მილიონი ლარით გადის მინუსში, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მემანქანეები, რომელთა ხელფასები 1400-დან 1800 ლარამდე მერყეობს, გამოდიან და შანტაჟის ენით გველაპარაკებიან. ეს არ არის ჩემთან მიმართებაში საუბარი. ისინი შანტაჟის ენით ელაპარაკებიან დედაქალაქის მოსახლოებას, 400 ათას ადამიანს, ვინც ყოველდღიურად მეტროთი გადაადგილდება და ეუბნებიან, რომ 1400, 1600, 1800 ლარი მათთვის საკმარისი არ არის და ხელფასი 45%-ით მოვუმატოთ.
ვსვამ ძალიან მარტივ კითხვას – ვკითხოთ იმ 400 ათას ადამიანს, რამდენია მათი საშუალო ხელფასი და ამით ყველაფერი იქნება ნათქვამი. ეს არ არის სწორი ფორმა. ჩვენ არავითარ შემთხვევაში შანტაჟის ენით საუბარს არ დავუშვებთ იმიტომ, რომ ეს არის თქვენს მიერ, ჩვენს მიერ, ჩვენი მოქალაქეების მიერ ხელფასებიდან გადახდილი გადასახადები, რომელიც ცენტრალურ ბიუჯეტში მიდის და შემდეგ მუნიციპალიტეტში გადმოდის. ჩვენ ამ თანხების მენეჯმენტი და სწორად გადანაწილება გვევალება. შესაბამისად, ამ ეტაპზე არანაირი შესაძლებლობა არ არსებობს ამის, რომ მემანქანეებს ხელფასი 45%-ით მოვუმატოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.