თბილისის მერმა მეტროს მემანქანეების გაფიცვასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა.
კახა კალაძის თქმით, ის არ დავუშვებს, რომ თბილისის მოსახლეობა დაზარალდეს. მისი თქმით, ის რომ არ მუშაობს მეტროსადგურები, შეიძლება შანტაჟად შეფასდეს.
კალაძის თქმით, მერიაში დასაქმებულია 24 000-ზე მეტი თანამშრომელი, რომლებიც ასრულებს უმნიშვნელოვანეს სამუშაოს. ამიტომაც დაუშვებელია, მერიამ მიიღოს არათანაბარი და უთანასწორო გადაწყვეტილება.
მერმა ბრიფინგზე მემანქანეების ხელფასები გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ მათი ხელფასი პატრულის, მაშველის, მეხანძრის, სასწრაფო ბრიგადის თანამშრომლის ანაზღაურებას აღემატება.
მეტროს მემანქანეები დღეს დილიდან გაიფიცნენ, რის გამოც ამ დროისთვის ყველა მეტროსადგური გაჩერებულია. მერის თქმით, გაფიცვის პერიოდში დედაქალაქში არსებული მუნიციპალური ტრანსპორტი მოსახლეობას უფასოდ მოემსახურება.
პარალელურად მეტროს მემანქანეები გლდანის დეპოს ტერიტორიაზე აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, გაფიცვა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნა, ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდება. მემანქანეების ნაწილი შიმშილობას აგრძელებს.