ესტონეთის ელჩმა რუსეთის ფედერაციაში, მარგუს ლაიდრემ, ქვეყანა 7 თებერვალს დილით დატოვა. როგორ რუსეთის პროსახელისუფლებო საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ იუწყება, ამგვარად ლაიდრემ შეასრულა მოთხოვნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსი, რომელმაც მანამდე ქვეყანაში ესტონეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის სტატუსი დროებითი რწმუნებულის დონემდე შეამცირა და ესტონეთი “ტოტალურ რუსოფობიაში” დაადანაშაულა.
რუსეთში ესტონეთის ელჩის პოსტიდან ლაიდრეს გაწვევის შესახებ განკარგულებას ერთი დღით ადრე ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა მოაწერა ხელი.
იანვრის ბოლოს ესტონეთის ელჩი დაიბარეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც გადასცეს პროტესტი “ესტონეთის ხელისუფლების ქმედებებთან დაკავშირებით” და 2023 წლის 7 თებერვლამდე მოსთხვეს რუსეთის ფედერაციის დატოვება.
საპასუხოდ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იცავენ პარიტეტის პრინციპს რუსეთთან ურთიერთობაში, რაც ნიშნავს, რომ რუსეთში ესტონეთის ელჩთან ერთად ესტონეთში რუსეთის ელჩიც დატოვებს ქვეყანას. ესტონეთთან სოლიდარობის ნიშნად ლატვიამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონის დაწევის შესახებ განაცხადა.
1 თებერვალს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს მოუწოდა, დაატოვებინონ თავიანთი ქვეყნები რუსეთის ელჩებს. მინისტრის თქმით, ევროპაში რუსეთის ელჩების შენარჩუნება ამ ეტაპზე პრაქტიკულად აზრსაა მოკლებული.
2022 წლის ოქტომბერში ესტონეთის პარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც გმობს უკრაინის ტერიტორიების ანექსიას და რუსეთს ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად აცხადებს.
ესტონეთი ასევე გამოვიდა მოწოდებით, შეიქმნას სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი, რათა მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ჩადენაზე პასუხისმგებელი პირები.