რაც არ უნდა რიტუალები აღასრულო, თუ შინაგანად არ გაქვს ნამდვილი ქრისტიანობა, უფალი შენს თხოვნას არასდროს შეასრულებს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
მისივე განცხადებით, „როდესაც გვაქვს სიძულვილი, უსიყვარულობა, უფალი ჩვენ თხოვნას არ შეასრულებს“.
„დღესაც ხშირია მსგავსი რჩევები, მოიარე ეკლესია ფეხშიშველმა, მოიარე სალოცავები, ჩაატარე რიტუალები, ასე გვგონია, რომ რიტუალების აღსრულებით ვემსახურებით ქრისტეს. რამდენი რიტუალიც არ უნდა შეასრულო, თუ ეს მხოლოდ გარეგნულადაა სწორად ჩატარებული, უფალი წყალობას ვერ მოგცემს. ან მწირ წყალობას მიიღებთ, რადგან ღმერთს უყვარს ყველა ადამიანი. ამაზე დავფიქრდეთ, რამე ხომ არაა ცხოვრებაში, რაც უნდა შევცვალოთ. ესაა პირადი, თუ თუნდაც საქვეყნო საქმეები.
როდესაც გვაქვს სიძულვილი, უსიყვარულობა უფალი ჩვენ თხოვნას არ შეასრულებს. შეიძლება სიძულვილის ნაცვლად იყოს გულგრილობა. თქვენც ხედავთ როგორი ხშირია, როცა მასმედიაში და სოციალურ ქსელებში ვხედავთ ასეთ დიდ უსიყვარულობას, მოუფრთხილებლობას, სისასტიკეს, უხეშობას, უცენზურობას. აფექტის დროს შეიძლება წამოსცდეს ადამიანს მსგავსი სიტყვები, მაგრამ როცა წერს სოციალურ ქსელში ტექსტს, რომელიც სავსეა ზიზღით, როგორ შეიძლება ღმერთმა ასეთი თხოვნა შეუსრულოს, რა თქმა უნდა არა.
ასეთ ადამიანს შეიძლება მხოლოდ ჰქონდეს გამოხატვის თავისუფლება. ამითი იყოს კმაყოფილი, რომ ის ამ თავისუფლებას, როგორც თავად ჰგონია, ახორციელებს, მაგრამ სინამდვილეში ესაა მონობა. თავისუფლებაა, როდესაც დავძლევთ ჩვენს სიძულვილს, უხეშობას, უკულტურობას და ვიმარჯვებთ ამ თვისებებზე. შემდეგ ვიღებთ ღვთის მადლს“,- აღნიშნა მეუფე შიომ.