ჭუბერში სტიქიისგან მიყენებულ ზიანს ისევ ებრძვიან. ჭუბერის ხეობის მეორე სანაპიროზე მცირე გაბარიტების ტექნიკა გადავიდა. სპეციალისტებს მდინარის მეორე მხარეს მუშაობის საშუალება არ ჰქონდათ, რადგან ტექნიკის გადაყვანა აქამდე ვერ ხერხდებოდა.
როგორც დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა, ჭუბერში, 21 ოჯახი დაზარალდა, მაგრამ ასევე არის მოსახლეობა, რომელსაც „წვრილი ზარალი“ მიადგა, რაც ასევე დასათვლელია. მის კომენტარს სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
მინისტრის განცხადებით, ჭუბერში ყველაზე რთული მონაკვეთები უკვე გამაგრებულია, ადგილზე 78 ერთეული ტექნიკაა მობილიზებული, ხოლო ის ოჯახები, რომლებსაც წალეკვის საფრთხე ემუქრებოდათ, გადარჩენილები არიან.
“რაც შეეხება ზარალს, სრულად არის აღწერილი, დათვლილი, თუმცა, კონკრეტული ციფრის დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა და ამის შემდეგ დასახელდება. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან მაღალი ციფრია. მოსახლეობისთვის ერთს ვიტყვი, რომ მათ სრულად აუნაზღაურდებათ ის ზარალი, რაც განიცადეს და ინფრასტრუქტურის დაპროექტებაც უკვე მიმდინარეობს სრული ტემპით, გამაგრებითი სამუშაოების პარალელურად“, – აღნიშნა სუბარმა.
„ცინდელიანის საკარმიდამო ნაკვეთზე სახლის მშენებლობა არის შეუძლებელი. შესაბამისად, აქ უნდა მოვნახოთ ალტერნატიული გადაწყვეტილება, ან სახლის ყიდვა სხვაგან, ან სახლის მშენებლობა სხვა ადგილზე, მაგრამ არა იმავე ადგილზე. ასევე, მინდა გამოვეხმაურო ინფორმაციას, თითქოს ცინდელიანს არ შევთავაზეთ საცხოვრებელი – ის მამაპაპისეულ სახლშია გადასული, სადაც მისი ძმა ცხოვრობს. პრესასთან განუცხადებია, რომ იმ სახლში ვიწროდ არის, ამიტომ მე მას შევთავაზე ჩემს სახლში ცხოვრება, სანამ მას ახალი საცხოვრებელი არ ექნება. ველოდები მისგან პასუხს, თუ დათანხმდება“, – განაცხადა მინისტრმა.
5 ივლისს ჭუბერის ხეობაში ძლიერი წვიმების შედეგად სოფელი ჭუბერი გზის მთავარ მაგისტრალს მოწყდა. მდინარე ნენსკრამ დაანგრია ხიდები და რამდენიმე სახლი.
8 ივლისს პრეზიდენტმა ჭუბერში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვისთვის საქართველოს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ ბრძანება გამოსცა.
“ინტერპრესნიუსი”