მას შემდეგ, რაც სოსო ჯაჭვლიანმა დიდ პოლიტიკაში ტაიმ-აუტი აიღო, ხმაურიან ისტორიებსა და სკანდალებში თითქმის არ ხვდება. მისი ცხოვრება უფრო მშვიდად მიდის – კინო, სპორტი, საკუთარი საქმეები, სულ ახლახან ბულგარეთიდან ოქროს მედლით ხელდამშვენებული დაბრუნდა, როცა მკლავჭიდში ევროპის პირველობა ვეტერანთა შორისაც მოიგო. მასთან ინტერვიუ სწორედ ამ თემით დავიწყეთ, სოსო ჯაჭვლიანი, როგორც ყოველთვის, გულწრფელი რესპონდენტი აღმოჩნდა, არც ის დაგვიმალა, როგორ ცხოვრობს პარლამენტიდან წასვლის შემდეგ და არც ის, რა დაუტოვა პოლიტიკამ ისეთი, რაზეც ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში აღარ ლაპარაკობდა.
სოსო ჯაჭვლიანი: მკლავჭიდელებს წარმატებები არასდროს გვაკლდა, მაგრამ ის, რაც ახლა მოხდა ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში, მკლავჭიდის ფედერაციას არასდროს ჰქონია. ვიღაცებმა თქვეს, 62 მედალი რა ამბავიაო. 62 კი არა, თუ ამ მედლებს შშმ პირების მედლებსაც დავამატებთ, 111 გამოდის. რა ამბავია და ყველას გასაგონად ვიტყვი, ვინც არ იცის, მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაცია ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე, 18 წლამდე, 21 წლამდე, უფროსი ასაკის, ვეტერანებისა და შსმ პირების შეჯიბრებს ატარებს ერთად, ჩვენ ყველა ნომინაციაში ერთად მოვიგეთ გუნდურიც. რაც აქამდე არასოდეს მომხდარა.
– თქვენც ფორმაში ყოფილხართ, ვეტერანთა კატეგორიაში თქვენც მოიპოვეთ ოქრო. მერამდენეა ეს მედალი?
– ეს მეოთხე ოქროა, მსოფლიო ჩემპიონები ვიყავით ჩასული ვეტერანების რანგში, სხვათა შორის, იმათშიც მე გავიმარჯვე, მშვენიერ ფორმაში ვარ – „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!“ რა ასაკშიც არ უნდა გახდე ჩემპიონი, მაინც მაგარია. ევროპის ორგზის ჩემპიონი ვარ, ორჯერ – მსოფლიოსი. გაგიჟდა ჩვენი ელჩი ბულგარეთში, საქართველოს ჰიმნი ამდენჯერ ერთად არ აჟღერებულაო. იცით, გული რაზე მწყდება? ევროპის 38 ქვეყანას შორის საქართველოს ნაკრებმა სამ კატეგორიაში, 18, 21 წლამდე და უფროს ასაკში პირველი ადგილი აიღო, მეორე ადგილზე რუსეთის უძლიერესი გუნდი გავიდა. ხორვატია-რუსეთის ფეხბურთის მატჩს მთელი საქართველო ხორვატებს „ბალეშჩიკობდნენ“ და ლამის ძეგლები დაუდგეს ვიღაც ხორვატებს, ჩვენ რომ უკან მოვიტოვეთ რუსების 150-კაციანი გუნდი, თურმე, არაფერი ხო? სექტემბრის ბოლოს ანტალიაში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება, სადაც ჩვენი გუნდი წავა და ყველა ნახავთ, რამდენ მედალს ჩამოვზიდავთ.
– როგორც ჩანს, რაც პოლიტიკიდან წახვედით, მთლიანად მკლავჭიდში გადაეშვით. აღარც ხმაურიან ისტორიებში ხვდებით და აღარც სკანდალებში. ალბათ, დაწყნარდა თქვენი ცხოვრება.
– მკლავჭიდში პატარაობიდან ვარ გადაშვებული, მე მშვიდი ცხოვრება არასოდეს მქონდა. სალაპარაკო ძალიან ბევრია, მაგრამ მეორე წელია, ტაიმ-აუტი ავიღე. ასე ვთვლი საჭიროდ. გამოკერებული კი არ ვიყავი დეპუტატობაზე. წარსულს არასოდეს მივტირი. პოლიტიკამ ცუდის მეტი არაფერი დამიტოვა. გინებისა და ლანძღვის მეტი რა მივიღე?! უფრო მნიშვნელოვანია, რასაც მე ახლა ვაკეთებ – მკლავჭიდიც, თეთნულდიც, კინოც. პოლიტიკის რა გითხრა, მაგრამ ცხოვრების გაგრძელებას ვფიქრობ. ამ ბოლო პერიოდში კინოსაც დავუბრუნდი. კინოცეტრის კონკურსში ჩემმა პროექტმა გაიმარჯვა, უნდა გადავიღო ფილმი „ვისია უშბა?“ ცნობილი ფაქტი იყო, მურზაყან დადეშქელიანმა ერთ უცხოელ ქალბატონს 900-იან წლებში უშბა „აჩუქა“. 100 წლის შემდეგ მისი შვილიშვილი ჩამოდის და იძახის: უშბა ჩემიაო. გადაღებები, რა თქმა უნდა, სვანეთში, უშბის მისადგომებთან იქნება. ბევრი სვანი ავიდა უშბაზე. როცა პატარა ვიყავი, ბანგურიანზე ავდიოდით ბიჭები. სკოლის ასაკში ამისთვის ყოველკვირა „ზნაჩოკებს“ გვაძლევდნენ. ახლა ისევ იმ გზას გავდივარ, რასაც პოლიტიკამდე გავდიოდი. ჩვენში ცუდი ისაა, რომ სახელებს არ ვარქმევთ არაფერს. მე ასე ვიყავი პარლამენტშიც კი. როცა გია ბარამიძეს ვირჩევდით სპიკერად, გავაპროტესტე და ჩემს თანგუნდელებს ვუთხარი, ეს კაცი სოფლის აოხრებაშია ეჭვმიტანილი, ჩავაგდოთ ამისი კანდიდატურა და სხვა ვინმე ავირჩიოთ-მეთქი. ესო კვოტააო, მეუბნებოდნენ. ჩვემა სპიკერებმა რომ 80 ხმა მიიღეს, ბარამიძემ ლამის 130 ხმა მიიღო. ვიქტორ ჯაფარიძის გარდა „პაძერჟკა“ არავინ მომცა. პარლამენტი ახალი შეკრებილი იყო. ორი თვის თავზე ერთ-ერთ ჟურნალისტს ვუთხარი, სასწრაფოდ არჩევნებია ჩასატარებელი-მეთქი, ჩემმა გუნდის წევრებმა მითხრეს, ხომ არ გაგიჟდიო… არა და, მაშინ გვქონდა შანსი, ნაციონალები გაგვეხვეტა, მაგრამ კოჰაბიტაცია იყო და ამას ვერ გავაკეთებდით.
– რატომ არ უთხარით „მთლად უფროსს“, ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილს თქვენ მიმართ ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა და დღესაც უყვარხართ.
– მთლად უფროსსაც ვეუბნებოდი ყველაფერს და სხვებსაც. მე შიგნითაც და გარეთაც ერთი და იგივეს ვლაპარაკობდი. არ ვიცი ვის ვინ რატომ უყვარს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა კარგად იცის ყველაფერი და გრძნობს. ჩემზეც ყველაფერი იცის, და სხვაზეც. ამდენი უმადურებისგან გული რომ არ უსკდება, მიკვირს. როცა საჭიროა, ვხვდები და შევხვდები კიდეც. გახსოვთ, რა მოჰყვა ანტიდისკრიმინაციულ კანონს, ხალხი როგორ აღშფოთდა. მაშინ პარლამენტში ხმამაღლა ვთქვი კიდეც, ჩვენ მამათმავლობა დავაკანონეთ-მეთქი. ასე მოხდა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კანონპროექტი რომ შევიტანე. საპატრიარქოდან წინადადება დამხვდა, ეს ჩვენთან არ არის შეთანხმებულიო. რომის პაპზე დიდი კათოლიკე ვერ ვიქნებოდი, პატრიარქის პატივისცემით გავჩერდი. ასე მგონია, იქ რაღაც სხვა ძალები მოძრაობდა, რაც მერე ციანიდის საქმეზე ყველამ დავინახეთ. რაც შეეხება ჩემს ფრთიან გამონათქვამს, „იბიარდთან“ დაკავშირებით, რაზეც მთელი საქართველო ღადაობდა. ახლაც ვიმეორებ, „იბიარდი“ ევროპის რეკონსტრუქციის განვითარების ბანკია. ახლაც „შპარგალკა“ ხომ არ მაქვს? ჩვენ მათ კაბინეტები დავუთმეთ, რომ ემუშავათ, მათი სახელი არ მეცოდინებოდა? როცა ეკა ხერხეულიძემ თქვა, ეტყობა, ქვორუმი იმიტომ არ შეიკრიბა, ჯაჭვლიანის ხელმძღვანელობით „იბიარდზე“ არიან წასულებიო. მან გააკეთა რუსული სიტყვის ინტერპრეტაცია, ყველამ კარგად იცის, „იბი“ რასაც ნიშნავს. მან ამით მე და „ქართულ ოცნებას“ დაგვცინა. ხუთი დღის მერე გამოვედი პარლამენტში და ვითომ ვკითხულობდი, იუმორით ვთქვი, ქალბატონო ეკა, თქვენ მე ოჯახს ვერ დამინგრევთ, მე „იბიარდზე“ არ დავდივარ, ცოლის ერთგული ვარ-მეთქი. ისე დამიტრიალეს ეს ამბავი, იცით, თქვენ, ჩემი გუნდის წევრებმაც ამას ხელი შეუწყვეს. არ ესმოდათ ჩემი იუმორი, სულ ვამბობდი, სვანურ იუმორში ლექციები უნდა წავიკითხო-მეთქი და ერთი მართლა უნდა მოვიცალო ამისთვის. პოემა დავწერე. წინა საუკუნეში დავიწყე ამ პოემის წერა და ახლა ვასრულებ. ყველაფერია იმ პოემაში, რაც ეს ოცი წელი ხდება ქუჩაში, მთავრობაში. ორი საუკუნეა, ვწერ ამ პოემას. 2000-გვერდიანი პოემაა, „ვეფხისტყაოსანზე“ მაგარი. იცი, ჩემი რატომ სჯობს „ვეფხისტყაოსანს“? ის სიტყვაკაზმული დამწერლობის ნიმუშია, ჩემი პოემა ერთსიტყვიანია, 2000-ივე გვერდზე მხოლოდ ერთი სიტყვაა, მაგრამ ჯერ არ ვიტყვი. რომ დავბეჭდავ, სიურპრიზი უნდა იყოს ყველასთვის. შემოქმედებითი საღამო უნდა გავმართო, ოღონდ შეზღუდვებით, პოემის თემატიკიდან გამომდინარე, ბავშვები და ქალები რომ არ დაიშვებიან (იცინის).
– პოლიტიკიდან წასული ვერ გაგიმეტეს ბოლომდე – მაინც არ დარჩით ბორტს მიღმა და „თეთნულდის“ განვითარება ჩაგაბარეს.
– როცა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე წარმადგინა, თქვა, სოსო გამოცდილი მენეჯერიაო. 20 წელი რომ მკლავჭიდის ფედერაციას ხელმძღვანელობ, ამას მენეჯერობა ხომ უნდოდა? ხომ შეეძლოთ გაეკეთებინათ განცხადება, რომ მე ასეთი და ასეთი გამოცდილება მაქვს. რეზო ჩხეიძის შემდეგ 2 600 კაციანი „ქართული ფილმის“ ხელმძღვანელი ვიყავი და ისეთი გამოცდილება მივიღე, ბევრს რომ ვერც წარმოუდგენია. ეს რომ ეთქვათ, ის ხალხი, ვინც ქილიკი დაიწყო, იმ ენას ერთ ადგილას შეიტენიდნენ. მგონი, ხალხი შიგნით უფრო მებრძოდა, ვიდრე გარედან, ამიტომაც იყო, რომ ცხენი სულ შეკაზმული მყავდა.
– ამბობენ, რომ რაც აქტიურ ცხოვრებას ჩამოშორდით, აგარაკზე დაბანაკდით და მთელ დროს იქ ატარებთ.
– აგარაკზე ხშირად ვარ, გლდანის თავზე, კინემატოგრაფისტთა „დაჩებზე“ მაქვს სახლი. 1982 წლიდან მაქვს ეგ აგარაკი. იმან იკითხოს, ვინც აგარაკები ახლა, პარლამენტში მუშაობის შემდეგ შეიძინა. პატარა მეურნეობაც გავაკეთე. ნებისმიერი სოფლის მეურნეობის მინისტრი დამისვით, ვანახებ, სოფლის მეურნეობაში ვინ უფრო მაგარია. ვენახიც ვიცი, საზამთროს მოყვანაც, დაბარვაც, ძროხის მოწველაც და ყველის ამოყვანაც. თუ საჭიროა, ყველაფერს ვაკეთებ. სახლსაც დავალაგებ, სარეცხსაც გავრეცხავ. ისეთ ღვინოს ვწურავ, დიპლომიანი მეღვინე ვერ მაჯობებს. კახეთში მაქვს ვენახი, სახლისთვის ღვინო მაქვს და ცოტა ყურძენიც იყიდება. არ გვიჭის, არ ვწუწუნებთ. პარლამენტში რომ შევედი და სოსო ჯაჭვლიანმა მანქანა იყიდაო, თქვეს, გავგიჟდი. მე სულ „ლენდ კრუიზერები“ მყავდა. პარლამენტარი რომ გავხდი, ვუთხარი ბიჭებს, ვისაც მანქანის ყიდვა გინდათ, ბარემ ახლა იყიდეთ, მერე რომ იყიდოთ, იტყვიან, ფული პარლამენტში იშოვაო. მეც ასე გავაკეთე. ხუთ წელიწადში ერთხელ მანქანას ვცვლი. ახლა ოთხი მანქანა მყავს – ორი „შევროლეტი“ და ორიც „ლენდ კრუიზერი“. კიდევ ერთი ისეთი მანქანა მყავს სახლში, დედამიწის ზურგზე არავის ჰყავს. პატარა რომ ვიყავი, ჯოხს დავიჭერდი ხოლმე, ყველგან დადიოდა ჩემი „მანქანა“, ყველა ტალახში გავდიოდი, „დაჟე“, ხეზეც ავდიოდი, ისეთი კაიფი სხვა დროს, სხვა მანქანით არ მიგრძნია, „ლენდ კრუიზერიც“ ვერ დადის ისე. მე ვიცი, რომ „ლენდ კრუიზერიც“ და სხვა ყველაფერი ჯართია, „სიაფანდობაა“, ის ჯოხი მირჩევნია, რომელიც დღესაც სახლში მაქვს. ჩემი სიმდიდრე ჩემი ცოლ-შვილია, ჩემი ოჯახი, სამი ბიჭი მყავს, ერთმანეთზე კარგები. უფროსი არქიტექტორია, შუათანა პრაღაში სწავლობს ბიზნესის ადმინისტრირებას. პატარა სოსიკო აქაა, ინტელექტსკოლაში წარჩინებული მოსწავლეა. მე ყველაზე მაგარი ცოლი და შვილები მყავს დედამიწაზე. ჩემი გაძლება იოლი არ იყო, 25 წელი გამიძლო ირმამ. სხვა ცოლი არ მომიყვანია, ერთი ცოლი მყავდა და საკუთარი. მადლობა ღმერთს, ჩემს ოჯახზე წინ არავინ დამიყენებია.
http://tbiliselebi.ge