გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილთან ერთად, იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებს გაეცნო.
მინისტრი პრომეთეს მღვიმეში იმყოფებოდა, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად ნიაღვარმა მღვიმის ცენტრალური შესასვლელი ჩახერგა. შემოტანილი ღორღითა და ქვიშით დაიფარა ტურისტული ბილიკი და დაზიანდა ბილიკის მოაჯირი. დასაშვებ ნორმას გადააჭარბა წყლის დონემ მღვიმის პრომეთეს დარბაზში. გვიან ღამით ავარიულად გაითიშა მღვიმის განათებაც. ავარიულად გათიშული ელექტროენერგიის გამო, პრომეთეს მღვიმის სანაოსნო მონაკვეთზე ამ დრომდე შესვლა ვერ ხერხდება.
იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომლებმა მღვიმეში აღდგენითი სამუშაოები დილიდანვე დაიწყეს. ამ ეტაპზე პრომეთეს მღვიმეში ტურისტებს შეუფერხებლად შეუძლიათ გადაადგილება.